“არა დისკრიმინაციას“ – დაუყოვნებლივ დაფინანსდეს გაფანტული სკლეროზის მკურნალობა რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედების მოლოდინში არიან. იმის შემდეგ, რაც პაციენტებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ დაავადება ადამიანებს საცხოვრებელი ადგილით არ არჩევს, სამინისტრომ საკითხზე მუშაობა განაახლა.
როგორც ირკვევა, აქციამ ყურადღება მიიქცია, თუმცა ჯანდავის სამინსიტროში ცენტრალიზებული პროგრამის ამოქმედების კონკრეტულ ვადებზე ამჯერადაც არ ან ვერ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და ამასთან, საკითხი სხვა ინსტანციებაშია გადაგზავნილი. ამავე დროს, თავისი გავლენა იქონია პეტიციამ, სადაც პაციენტებმა 7600 მხარდამჭერის ხელმოწერა მიიღეს და საქმემ უკვე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში გადაინაცვლა. ამ ფონზე კი, ერთი პრობლემა იკვეთება – პარლამენტში საზაფხულო არდადეგები დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხის განხილვა სექტემბრამდე გადავადდა, მაშინ როცა ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის დეტალებზე მუშაობას აგვისტოში იწყებს და შესაძლებელია „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედების საკითხი გახანგრძლივდეს ან საერთოდ 2023 წლის ბიუჯეტში არც იყოს გათვალისწინებული.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში საკითხის აქტუალობას ადასტურებენ და იმასაც ამბობენ, რომ პრობლემა მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. თუმცა ვერ ასახელებენ დროს, ვადას და თარიღს, რაც პაციენტებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ამ ფონზე პაციენტებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით და დაუშვებელია მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ისინი არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტულ რეგიონში ან ქალაქში არ ცხოვრობენ.
პაციენტები ამჯერად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსგან რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩანიშვნას და ფინანსთა სამინისტროს დროულად საქმის კურსში ჩაყენებას ითხოვენ.
„როცა დაავადების მკურნალობა თბილისსა და აჭარაში უკვე რამდენიმე წელია ფინანსდება, დისკრიმინაციაა, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მაცხოვრებლები ჯერ კიდევ დაფინანსების პასუხის მოლოდინში ვართ. სახელმწიფომ იცის, რომ დაავადება სწრაფად პროგრესირებადია და მკურნალობის გარეშე ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვიქნებით. დაავადების მამოდიფიცირებელ მკურნალობას კი შეუძლია ბევრი წლით გადაავადოს ჩვენი მდგომარეობის დამძიმება და ცხოვრების საუკეთესო წლების სრულფასოვნად გატარება შევძლოთ – ვიმუშაოთ, შევქმნათ ოჯახები, მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ ჩვენთვის სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებული დაფინანსების დაპირების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აცხადებენ რეგიონში მცხოვრები პაციენტები.
შეგახსენებთ, 2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მიუხედავად, დღემდე უცნობია, რა ელით რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს და წელს გახდება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი. ცნობისათვის, 2022 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის დაფინანსება ჩაიდო, თუმცა მოლოდინის მიუხედავად, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების ცენტრალიზებული პროექტი მასში ვერ მოხვდა.
ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. დროული მკურნალობის ფონზე გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მიეცემათ შესაძლებლება დაუბრუნდნენ სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში!
გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.