პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის წამოწყებას რგოლში დასაქმებული მედიკოსები ეხმაურებიან. ცნობილია, რომ პირველადი რგოლის რეფორმა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის პარალელურად განხორციელდება და მის დაგეგმვასა და მიმდინარეობაში სამინისტროს დახმარებას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.
სოფელ წირქვალის ამბულატორიის ექიმი, რომელიც 3 სოფელს, ანუ დაახლოებით 2300 ადამიანს ემსახურება, ია ჭიტაძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც დღეს პირველად რგოლშია. პირველადი ჯანდაცვა არის მედიცინის ყველაზე დიდი, მოცულობითი ნაწილი თავისი შინაარსით და მნიშვნელობით.
პირველად ჯანდაცვაში ძირითადი დატვირთვა მოდის დაავადებათა ადრეულ გამოვლინებაზე, პრევენციაზე და უკვე აღმოჩენილ დაავადებათა მართვაზე. სწორედ ამ სამ ძირითად პრინციპზეა დამყარებული პირველადი რგოლი.ჭიტაძის აზრით, სამწუხაროდ, პირველად ჯანდაცვას ნაკლები ყურადღება ექცევა.
„23 წლის უწყვეტი სტაჟი მაქვს და დაწვრილებით ვიცი ყველა პრობლემა, რაც ამ რგოლშია. პირველად ჯანდაცვას არ აქვს ისეთი დაფასება და დაფინანსება, როგორიც ეკუთვნის. არა და ლოგიკურია, რომ სწორედ პირველად ჯანდაცვაში ჩაიდოს თანხა, რომ შემდგომში თავიდან ავიცილოთ გართულებები თუ სტაციონარული ხარჯები. ანუ ცოტა ფულით სახელმწიფოს შეუძლია უფრო მეტ შედეგს მიაღწიოს და გართულებულ შემთხვევებზე ნაკლები ხარჯი გასწიოს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ესე არ ხდება“, – მიაჩნია ჭიტაძეს.
„რაც შეეხება პრობლემებს, რა თქმა უნდა, ბევრია. 2005 წელს პირველადი რგოლის ექიმები გადამზადდნენ და თამამად ვიტყვი, რომ ოჯახის ექიმების დონე დღეისათვის სრულიად აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს. ანუ გაიდლაინები, პროტოკოლები არის დანერგილი. რაც შეეხება ანაზღაურებას, პირველადი რგოლის ექიმის ანაზღაურება არის სამარცხვინო. ეს განსაკუთრებით შეეხება ქალაქის ტერიტორიაზე დასაქმებულებს.
როდესაც ისინი პრეტენზიას აყენებენ, სახელმწიფო პასუხობს, რომ ისინი დასაქმებულები არიან კერძო კომპანიაში და მათ არ აქვთ ჩარევის უფლება. განა სახელმწიფომ არ უნდა დააწესოს სტანდარტები, რომ ყველა ვალდებული იყოს დაემორჩილოს მას.
აღსანიშნავია ოჯახის ექიმი-პედიატრების ანაზღაურება, რომელიც შეადგენს 200 ლარს. ამხელა დატვირთვის ქვეშ მომუშავე ადამიანისათვის, რომელიც მთელ დღეს პაციენტებთან ატარებს, ეს თანხა არაა ადეკვატური“, – აცხადებს სოფლის ექიმი.
„რაც შეეხება სოფლის ექიმებს, ჩვენ ვართ ფიზიკური პირები და ყოველთვიურად გვერიცხება თანხა 650 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დაქვითვის შემდეგ გვრჩება 520 ლარი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ 520 ლარიდან გვიწევს კომუნალური, სატრანსპორტო, პირველადი მოხმარების წამლების, საკანცელარიო და სხვა სახის ხარჯების გაწევა. ჩვენი ანაზღაურება არ არის ფიქსირებული.
მხოლოდ ჩამოთვლილი ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა არის ექიმის საკუთრება. არა და სოფლის ექიმს გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს, როგორც მორალური, ასევე ფიზიკური და რაც მთავარია, მეტი პასუხისმგებლობა აკისრია.
მეორე სერიოზული პრობლემაა ტრანსპორტირება.ადრე, ორ ან სამ ახლო მდებარე ამბულატორიას ჰყავდა ერთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაჰყავდა ექიმი შორს მდებარე უბნებში პაციენტებთან.
ჩემი ამბულატორიიდან ყველაზე შორს მდებარე უბანს შორის მანძილი დაახლოებით 7-8 კილომეტრია. ჩვენ ვალდებულებაში გვიწერია, რომ წელიწადში ოთხჯერ უნდა ვინახულოთ საწოლს მიჯაჭვული პაციენტი. თუმცა როგორ უნდა მოვახერხოთ ეს, გაურკვეველია.
16 კილომეტრი უნდა გავიაროთ ფეხით, რომ ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. გვაკისრია ვალდებულებები, თუმცა არ არის გამოყოფილი რესურსი მათ შესასრულებლად.
მესამე და სერიოზული პრობლემაა არასაკმარისი კადრები. როდესაც არის სოფლის ექიმი, რომელიც ემსახურება 2500-მდე ადამიანს, მას ორი ან სამი ექთანი მაინც უნდა ყავდეს, რომელიც უბნებს დაივლის, მოახდენს ფეხმძიმეთა, ახალდაბადებულთა თუ საწოლსმიჯაჭვულთა აღირცხვას. ზოგიერთ უბნებში არის ექთნების სერიოზული ნაკლებობა, ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს, რათა ექიმის საქმიანობა უფრო ეფექტური იყოს“, – მიაჩნია ია ჭიტაძეს.