„მაიმუნის ყვავილის“ კუთხით საქართველოში მაქსიმალური კონტროლია და საქართველოს მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, აღნიშნული ვირუსის ენდემური კერა აფრიკაა, სადაც მუდმივად არსებობს ვირუსი და იქ სიკვდილობაც მაღალია. ეს კი არაა ჯანმოს მხრიდან შეშფოთების საგანი, შეშფოთების საგანს წარმოადგენს ინფექციის გავრცელება იმ ქვეყნებში, სადაც ის საერთოდ არ იყო გავრცელებული ან იყო ერთეული შემთხვევები.
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მაიმუნის ყვავილი ამ ეტაპზე დაფიქსირებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 30-ზე მეტ ქვეყანაში, მაგრამ, საბედნიეროდ ვრცელდება მსუბუქი შტამი და არა ის, რომელსაც 10%-იანი ლეტალობა ახასიათებს.
გავრცელებული შტამის შემთხვევაში კი გარდაცვალების ფაქტი ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. სწორედ ამიტომ, როგორც ცერცვაძე ამბობს, მაიმუნის ვირუსი არ მიიჩნევა ლეტალობის და გავრცელების მხრივ საშიშ დაავადებად. რაც შეეხება საქართველოს, თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, კონტროლდება ყველა შემოსული პაციენტი და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მოხდება პაციენტის იზოლაცია და სათანადო მკურნალობა.
გადადების გზებთან დაკავშირებით თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ დაავადებული ადამიანისგან დაინფიცირებისთვის საჭიროა კონტაქტში მოხვედრა სეკრეტებთან, ანუ გამონაყრის შიგთავსთან შეხება. ცერცვაძე ამბობს, რომ ჰაეროვანი გზით ეს ინფექცია საერთოდ არ გადადის, წვეთოვანი გზით კი – ძალიან რთულად, მინიმუმ 3 საათიანი კონტაქტის პირობებში 2 მეტრზე ნაკლები დისტანციით.
„თქვენ რომ შემთხვევით ასეთ ავადმყოფს შეხვდეთ, ნუ შეგეშინდებათ, უბრალოდ მოერიდეთ მასთან მჭიდრო კონტაქტს,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.