დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ დრომდე არ ავრცელებს ინფორმაციას მაიმუნის ყვავილის საეჭვო შემთხვევის კვლევის შედეგების შესახებ. ცენტრის წარმომადგენლებს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. იმის შესახებ, რომ ერთი საეჭვო შემთხვევა კვლევაშია, 6 ივნისს გახდა ცნობილი, ითქვა, რომ პასუხი რამდენიმე დღეში იქნებოდა ცნობილი. თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მეოთხე დღესაც უცნობია, რა შედეგები დაიდო სექვენირების შედეგად.
ვიდრე გაირკვევა, გახდა თუ არა საქართველო მსოფლიოს 30-ე ქვეყანა, სადაც აფრიკიდან გავრცელებული ვირუსი დაფიქსირდა, ექსპერტები მოსახლეობას ამ ინფექციასთან დაკავშირებით ბოლო სიახლეებს უზიარებენ. ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ – ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაახლა მითითებები იმ მოგზაურებისთვის, რომლებსაც სურთ დაიცვან თავი მაიმუნის ყვავილისგან. მისი ერთ-ერთი რეკომენდაცია შემდეგნაირად ჟღერდა: „ატარეთ ნიღაბი. ნიღბის ტარება დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან, მათ შორის მაიმუნის ყვავილისაგან“. თუმცა, როგორც წერეთელი წერს,
ორშაბათს გვიან ღამით, ეს რეკომენდაცია წაიშალა.
CDC -მ ამოიღო ნიღბის ტარების რეკომენდაცია მაიმუნის ვირუსთან დაკავშირებული მოგზაურობის მოთხოვნებიდან რადგან ამან გამოიწვია დაბნეულობა“, – ასეთი განცხადება გააკეთა CDC – მ სამშაბათს.
თუმცა, CDC კვლავ ამბობს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მაიმუნის ყვავილი ვრცელდება, „საყოფაცხოვრებო კონტაქტებმა და ჯანდაცვის მუშაკებმა“ უნდა განიხილონ ნიღბების ტარება. ეს გაიდლაინი ასევე ეხება „სხვა ადამიანებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ მჭიდრო კონტაქტში იმ პირთან, რომელიც დადასტურებულია მაიმუნის ყვავილით“.
ამ სიტუაციამ განაახლა მსჯელობა ვირუსის ამჟამინდელი გავრცელების ნაკლებად განხილულ ასპექტზე: კერძოდ ის რომ ვირუსი შეიძლება გადაეცეს ჰაერ – წვეთოვანი გზით, იყოს სულ მცირე, პატარა დისტანციებზე. მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ეს გზა მხოლოდ მცირე ფაქტორია საერთო გავრცელებაში, ექსპერტებმა მაინც განაცხადეს რომ ამ მომენტისათვის არ არსებობს ზუსტი შეფასება იმის შესახებ, თუ რამხელა წვლილი შეაქვს გავრცელების ამ გზას დაწყებულ აფეთქებაში.
„ნიუ-იორკ ტაიმსმაც სწორედ ამას მიუძღვნა თავისი საინტერესო სტატია. მის მიხედვით წინა ეპიდემიების დროს, შემთხვევების უმრავლესობა დაფიქსირდა მათში, ვისაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პაციენტთან ან ცხოველთან. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ჰაერ- წვეთოვანი გადაცემა იყო ინფექციების ერთადერთი ახსნა.
თავის ვებსაიტზე, CDC კვლავ მოუწოდებს მაიმუნის ყვავილის მქონე პაციენტებს, ატარონ ქირურგიული ნიღაბი, „განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს რესპირატორული სიმპტომები“. ის ასევე სთხოვს ოჯახის სხვა წევრებს „განიხილონ ქირურგიული ნიღბის ტარება“, როდესაც ისინი იმყოფებიან მაიმუნის ყვავილის მქონე პირის თანდასწრებით.
ვარაუდობენ, რომ მაიმუნის ყვავილი იქცევა ყვავილის ვირუსის მსგავსად და ამიტომ გაიხსენეს რომ 2012 წელს ყვავილას გადაცემის მიმოხილვაში, ექიმმა დონალდ მილტონმა, მერილენდის უნივერსიტეტის ვირუსების ექსპერტმა, აღწერა ჰაერ-წვეთოვანი გადაცემის რამდენიმე შემთხვევა.
ერთი ასეთი მაგალითად იყო 1947 წელს ნიუ-იორკში ყვავილის გავრცელების დროს, როდესაც ერთი პაციენტი, საავადმყოფოში დაინფიცირდა მეორე პაციენტისგან შვიდი სართულის მოშორებით. შემდეგ, 1970 წელს, ერთმა პაციენტმა დაინფიცირა რამოდენიმე ადამიანი საავადმყოფოს სამ სართულზე მეშედეში, გერმანია, შენობაში არსებული ჰაერის ნაკადების დახმარებით.
მეცნიერებმა, რომლებიც სწავლობდნენ 2017 წლის მაიმუნის ყვავილის ეპიდემიას ნიგერიაში, დააფიქსირეს გადაცემის შემთხვევები ციხეში და დააფიქსირეს ინფექციები ჯანდაცვის ორ თანამშრომელში, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ პირდაპირი კონტაქტი პაციენტებთან.
სიტუაციას პიკანტურობას მატებს ის ფაქტიც, რომ CDC-ის მიერ ნიღბების გამოყენების რეკომენდაციის სწრაფმა წაშლამ, ბევრს შეახსენა ფაქტი, რომ კორონა პანდემიის ადრეულ ეტაპზე ცენტრი ასევე უარყოფდა, რომ კორონავირუსი შეიძლებოდა ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემულიყო. 2020 წლის სექტემბერში სააგენტომ გამოაქვეყნა ინსტრუქცია კორონა ვირუსის ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემის შესახებ და შემდეგ მოულოდნელად გააქრო ეს განცხადება რამდენიმე დღის შემდეგ.
მხოლოდ 2021 წლის მაისში ცენტრმა აღიარა, რომ კორონავირუსი შეიძლებოდა ჰაერში დარჩენილიყო წუთებიდან საათებამდე.
მაიმუნის ვირუსის შესახებ ინფორმაციის უმეტესობა მოპოვებულია ყვავილაზე ჩატარებული კვლევების შედეგად. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, მეცნიერები სწავლობდნენ, თუ როგორ ვრცელდება ყვავილი, მათ შორის მის არსებობას პაწაწინა წვეთებში, რომელსაც აეროზოლები ეწოდება, რათა მოემზადონ მისი პოტენციური გამოყენებისთვის ბიოტერორისტების მიერ.
ამიტომაც მეცნიერების გარკევული ნაწილი ამბობს რომ მაიმუნის ყვავილის პოტენციური საჰაერო გზით გადაცემის დაგეგმვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავადმყოფოებში, რადგან აეროზოლების საშუალებით ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების ზომები უნივერსალური არ არის.
მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, ბევრი პაციენტი იზოლირებულია სახლში, რადგან მათი სიმპტომები მსუბუქია. ექსპერტების თქმით, ამ ოჯახების წევრებს შესაძლოა დასჭირდეთ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაცემის შესაძლებლობის გათვალისწინება.
მაიმუნის ყვავილის შესახებ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება, მათ შორის, რატომ გამოიწვია ამჟამინდელმა ეპიდემიამ მხოლოდ შედარებით მსუბუქი შემთხვევები. მეცნიერებმა არ იციან ასევე შეუძლიათ თუ არა ადამიანებს ვირუსის გადაცემა სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც და შეიძლება თუ არა ის გადაეცეს მაგალითად სპერმაში.
არსებობს მტკიცებულება, რომ ორსულ ქალს შეუძლია მაიმუნის ვირუსის გადატანა ნაყოფზე. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 216 პაციენტის დაკვირვების დროს, რომელიც ყველაზე დიდი იყო მის სახეობაში, ხუთი ორსული ქალიდან ოთხს ჰქონდა სპონტანური აბორტი. მკვლევარებმა მათ ნაყოფში ვირუსი და ვირუსული დაზიანებები აღმოაჩინეს,“ – წერს ზაზა წერეთელი.