მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მჯდომარე სამუშაოზე დასაქმებულებზე მორგებული ოფისი – ახალი რეკომენდაციები დამსაქმებლებისთვის

მჯდომარე სამუშაოზე დასაქმებულებზე მორგებული ოფისი – ახალი რეკომენდაციები დამსაქმებლებისთვის

ცივილიზებულ მსოფლიოში შრომითი უსაფრთხოების სტანდარტები არა მხოლოდ მავნე და საშიშპირობებიან, არამედ საოფისე სამუშაზე დასაქმებულებსაც ეხება. მჯდომარე სამუშაო დღეს ჯანმრთელობის ძალიან დიდ რისკებთან დაკავშირებულ საქმიანობად განიხილება. როგორც jandacva.ge-ს შრომის ინსპექციაში განუცხადეს,  – ერგონომიკის პრინციპები  ტექნიკურ რეგლამენტში გაიწერება და ძალაში უახლოეს მომავალში შევა.

ერგონომიკა –  ეს უდიდესი სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც მიზნად ისახავს მშრომელთა ან კლიენტთა უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ეფექტურობის დონის ამაღლებას.

მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები თბილისში გამართულ სემინარზე განიხილეს, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში გაიმართა. მოწვეულმა ექსპერტებმა სტუმრებს ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს.

ევროპის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სააგენტოს მონაცემებით (EU OSHA), ევროკავშირის ტერიტორიაზე დასაქმებულთა 28% სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. დამატებით 30% კი აღნიშნავს, რომ დროის მეოთხედს უთმობს მჯდომარე სამუშაოს შესრულებას. შესაბამისად სამუშაო ადგილების 60%-თვის  მჯდომარე სამუშაო მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

სემინარი ნაწილია EU OSHA-ს მიმდინარე კამპანიის, რომელიც შეეხება „დატვირთვის შემსუბუქებას“ და ხაზს უსვამს მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და პრობლემასთან გამკლავების გზებს.

სლოვაკი ექსპერტის მიხალ შტუსკას განცხადებით, რისკის ქვეშ იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ოფისებში, ქოლცენტრებში. ასევე საფრთხის წინაშე დგანან მოლარეები, კონვეიერები, მძღოლები, მათ შორის კი განსაკუთრებით ისინი, ვისაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ქრონიკული დარღვევები აქვთ. ექსპერტის ინფორმაციით, დადგენილია, რომ სამსახურებში ქალები უფრო დიდ ხანს სხედან, ვიდრე მამაკაცები. ცხოვრების ამ წესს ჯანმრთელობისთვის ისეთი ზიანის მოტანა შეუძლია, როგორიცაა ტიპი-2 დიაბეტი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, გარკვეული ტიპის სიმსივნეები, ტკივილი სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე ნაადრევი სიკვდილი.

რაც შეეხება იმას, რა უნდა გააკეთოს დამსაქმებელმა რისკების თავიდან ასაცილებლად, შტუსკას თქმით, უნდა მოახდინონ სამუშაოს ადაპტირება თითოეულ პირზე, ისე დაგეგმონ მონიტორიან მოწყობილობასთან მუშაობა, რომ შესაძლებელი იყოს შესვენებები ან მოქმედების შეცვლა.

ექსპერტი ასევე სთავაზობს დამსაქმებლებს შემდეგ იდეებს:

შეხვედრების დროს გაწელვითი ვარჯიშები, პრინტერების, სანაგვე ურნების მოთავსება საერთო ადგილებში, რათა თანამშრომლებს ჰქონდეთ გადაადგილების აუცილებლობა, ასევე იყოს სივრცეები დგომისთვის, სიმაღლეში რეგულირებადი სამუშაო მაგიდები, თანამშრომლები ისხდნენ ისე, რაც მათ პოზის შეცვლის საშუალებას მისცემს, ასევე ოფისებში განთავსებული იყოს ფიტნეს ინვენტარი.

ცალკეული დასაქმებულებისთვის კი რეკომენდაციები ასეთია: ტელეფონით სარგებლობისას ადექით, მობილური ტელეფონი დადეთ მოშორებით, გამოიყენეთ კიბეები, მოკლე შეხვედრების დროს იდექით, გააკეთეთ მიკრო შესვენებები, ავტომობილი გააჩერეთ მოშორებით, გქონდეთ „ეკრანის გათიშვის“ აპლიკაცია ან თაიმერი, მუშაობის პროცესში პოზა ხშირად იცვალეთ; ხანგრძლივად ჯდომას ნუ ჩაანაცვლებთ დგომით, ჯდომის საპირისპირო არის მოძრაობა, ხანგრძლივად დგომამ შესაძლებელია პრობლემები შეუქმნას ჯანმრთელობას და იწვევს დაღლილობას. როგორი მოძრაობები უნდა გააკეთოთ ოფისში მოძრაობისას, მცირე ინფორმაცია ამ ვიდეოშია მოცემული.

უცხოელ სპეციალისტებს ასევე მოჰყავთ წარმატებული მაგალითები, თუ როგორ შეძლეს კომპანიებმა ამ სირთულესთან გამკლავება. მაგალითად, შრომისა და სოციალური უსაფრთხოების ინსპექტორმა ხუან პაბლო პარამ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც კაზინოს თანამშრომლებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის უფასო კონსულტაცია შესთავაზეს, რაც დაეხმარა მუშაკებს და ასევე კომპანიას, რომელმაც პრობლემები აღრიცხა და გააუმჯობესა მდგომარეობა, შედეგად ბიულეტინზე გასულ პირთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ექსპერტი ასევე გვთავაზობს შემდეგი რჩევების გათვალისწინებას სამუშაო პროცესში: რეგულარული შესვენებები, რამდენიმე წვრილი საოჯახო საქმის გაკეთება, ყურსასმენებით “სიარული და საუბარი”.

jandacva.ge

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …