დღეს მსოფლიო იმ ადამიანების დღეს აღნიშნავს, რომლებმაც კიბო დაამარცხეს. ესაა იმ ადამიანების დღე, რომელთა გამარჯვება სხვა დაავადებულებს შთააგონებს და სიმსივნესთან ბრძოლის სტიმულს აძლევს. ონკოლოგ ნია შარიქაძის თქმით, მკურნალობის პროცესში გადამწყვეტია, რომ დაავადებული აქტიურად იყოს ჩართული მკურნალობის პროცესში და პასიური პოზიცია არ ეკავოს, ამისთვის კი საჭიროა, რომ მან საკუთარი დიაგნოზი იცოდეს.
მისი თქმით, უმჯობესია, პაციენტს მისი დიაგნოზის შესახებ ექიმმა უთხრას და არა ნათესავმა.
„ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვუთხრათ პაციენტს ამის შესახებ, რადგან როდესაც მას ვესაუბრებით, ვგრძნობთ, რა სიღრმით უნდა მას ეს ყველაფერი. შეიძლება პირველივე დღეს არ უთხრა, მეორე დღეს არ უთხრა და შეამზადო. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ჩართულობა, როცა მხარში გიდგას, დაავადებასთან ბრძოლა მარტივია. როდესაც ადამიანი არაა პასიური და უნდა სიცოცხლე, ჩვენ ერთად ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის. პაციენტმა უნდა იცოდეს საკუთარი დიაგნოზი თუნდაც იმისთვის, რომ იცოდეს, როგორ მოუაროს თავს, მას შემდეგ კი, რაც გაიმარჯვა ამ დაავადებაზე, მართალია, უნდა დაივიწყოს ეს პრობლემები და დამთავრდეს ეს ყველაფერი, როგორც კოშმარული სიზმარი, მაგრამ მუდმივად უნდა ვიყოთ მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში. სიფხიზლე არ უნდა დავკარგოთ,“ – განაცხადა შარიქაძემ.