მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ზეთისხილის მოშენება და გლობალური დათბობა ალერგიული ადამიანებისთვის დამატებით რისკებს ქმნის

ზეთისხილის მოშენება და გლობალური დათბობა ალერგიული ადამიანებისთვის დამატებით რისკებს ქმნის

ალერგოლოგ-ომუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ალერგიულ ადამიანებს მიმდინარე სეზონისთვის აქტუალურ რჩევებს აძლევს. მისი თქმით, ახლა მზე ძალებს იკრებს და კიდევ უფრო გაძლიერდება, ამიტომ მზის ჰიგიენა მნიშვნელოვანია.

მისი განმარტებით, ახლა ცაში მოფარფატე ჭადრისა და სხვა მცებარეების ბუსუსებს ვხედავთ, თუმცა ისინი ალერგენებს არ წარმოადგენს და მექანიკური გამღიზიანებლები არიან. ამ ეტაპზე კი – მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე და შესაძლოა ივლისის შუა რიცხვებამდეც კი – მთავარი ალერგენები ბალახოვანი მცენარეების მტვერი იქნება,  რომელსაც ადამიანი ვერ ხედავს.

ასეთ პერიოდში ალერგიულ ადამიანებს  ბიძინა კულუმბეგოვი ურჩევს, შეზღუდონ ბუნებასთან კონტაქტი დღის პირველ ნახევარში მაინც, განსაკუთრებით თუ მზიანი და ქარიანი ამინდია.

ამასთან, მისი რჩევაა, ადამიანებმა მანქანით გადაადგილებისას ამოწიონ მინები და ჩართონ კონდიციონერი, რათა არ მოხდეს მცენარეული მტვრის დალექვა ავტომობილში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სახლში დაბრუნების შემდეგ წყალთან ურთიერთობა – კერძოდ, ცხვირისა და თვალების გაწმენდა.

კულუმბეგოვის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში, როგორც განაშენიანებაში, ისე სოფლის მეურნეობაში, აქტიურად მიმდინარეობს ზეთისხილის მოშენება, რომელიც, არაერთი სასარგებლო თვისების პარალელურად, ალერგიული თალსაზრისით შემაწუხებელია და ის  სამხრეთ ევროპისთვის პრობლემურია.

რადგან მომავალში ქვეყანაში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება ამ მცენარის მოშენება, კულუმბეგოვის თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლოა, ზეთისხილის ყვავილის მტვერთანაც გარკვეული რისკი გაუჩნდეთ.

დამატებითი რისკ ფაქტორია გლობალური დათობა, რადგან, რაც უფრო იმატებს პლანეტაზე ტემპერატურა, პოლინაციის პერიოდი მით უფრო ადრე იწყება, გახანგრძლივებულია და პროგნოზების თანახმად, ეს ტენდენცია მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდება. ამიტომ, როგორც ალერგოლოგი განმარტავს, თუ ვინმეს მხოლოდ მაისში აწუხებდა ალერგია, არსებობს რისკი, რომ ეს პერიოდი აპრილში დაიწყოს და აგვისტოს ბოლომდე გაუგრძელდეს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …