წელს გრიპისა და სხვა რესპირაციული ვირუსების არასეზონური გავრცელება გვაქვს, რაც მანამდე, სტატისტიკის წარმოების მანძილზე, არასდროს მომხდარა. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცირკულირებს გრიპის განსაკუთრებული ფორმა – H3N2 (ა ტიპის), რომელსაც „ჰონგკონგის ვირუსსაც“ უწოდებენ. ამ ვირუსის გავრცელების კუთხით წლევანდელი წელი სრულიად გამორჩეულია და, როგორც ჩხაიძე განმარტავს, არცერთი ქვეყანა არ აღნიშნავს წინა პერიოდში მსგავს სეზონურაობას.
„ძალიან გახანგრძლივდა სეზონი. თუ საქართველოში ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში ვაფიქსირებდით მწვავე რესპირაციული ვირუსების შემთხვევების მატებას, ახლა აპრილიც და მაისიც ძალიან გავს იმ პერიოდს, რაც ადრე იყო იანვარი-თებერვალი. თუ შევადარებთ, სწორედ ასეთია ასეთია ამ ვირუსების აქტიურობა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, იაშვილის კლინიკას აქვს დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსების შესახებ და თუ შარშან მთელი ქვეყნის მასშტაბით „ჰონგკონგის“ ვირუსის მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს მხოლოდ იაშვილის კლინიკაში, მხოლოდ მიმდინარე წლის 4 თვეში 35 შემთხვევა იყო.
ივანე ჩხაიძის განმარტებით, მეორე ტიპის ვირუსი, რომელიც საქართველოში ახლა აქტიურად ცირკულირებს, რეპირაციულ-სინსიტიური ვირუსია, რომელიც 2 წლამდე ასაკში ვითარდება და ახასიათებს წვრილი ბრონქების ანთება, შეტევითი ხველა, ხმაურიანი სუნთქვა, და პაციენტების დიდ ნაწილს საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება.
რაც შეეხება პროგნოზებს,ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ შეიძლება ასეთი სიტუაცია ივნისის პირველ ნახევარშიც გაგრძელდე და, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, ივნისის ბოლოს აღნიშნული ვირუსების შემთხვევები მინიმალური უნდა იყოს.
jandacva.ge