სოლიდარობის ფონდი, რომელიც 22 წლამდე ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს, მთავრობის დაქვემდებარებიდან ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, ცვლილების მიზეზი ისაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს სხვადასხვს სერვისის დაფინანსებას, ამიტომაც საჭიროდ ჩაითვალა, რომ ამოქმედებულიყო ერთი ფანჯრის პრინციპი, რაც გაცილებით მოსახერხელები იქნებოდა ბენეფიციარებისთვის. ამასთან, არ იცვლება დაფინანსების არც კრიტერიუმები და არც წყაროები. ამ ეტაპზე ფონდს 40 ათასამდე დამფინანსებელი ჰყავს.
მნიშვნელოვანია, რომ ფონდში ჩარიცხული თითოეული თეთრი პაციენტამდე 100%-ით მიდის, რადგან ადმინისტრაციულ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს.
ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის ეკა ფესტვენიძის განმარტებით, ონკოლოგიური დიაგნოზის 22 წლის ასაკამდე ყველა მოქალაქე ავტომატურად ხდება ფონდის ბენეფიციარი, დაფინანსების მისაღებად კი წარმოდგენილი უნდა იყოს განაცხადი და სამედიცინო დოკუმენტაცია. ამასთან, ფესტვენიძის თქმით, ეს არ არის მხოლოდ დაფინასნება, ფონდი არის ოჯახების მხარდამჭერიც არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მორალურადაც, ფონდის წარმომადგენლები მათ ეხმარებიან კლინიკის შერჩევასა და სხვა საკითხების გარკვევაში. ამასთან, ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, ისინი პაციენტებს ეხმარებიან არა ერთჯერადად, არამედ მუდმივად, ზოგჯერ წლების განმავლობაში, საჭიროებების მიხედვით.
სტატისტიკის თანახმად, ამ დრომდე ფონდმა 874 ბავშვის მკურნალობა და 4 ათასზე მეტი სერვისი დააფინანსა, რაც 22 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.