მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველო „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო პრეპარატის შემოტანაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს

საქართველო „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო პრეპარატის შემოტანაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

მისივე თქმით, საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირება შესაძლებელია გენუმის სეკვენირებით. როგორც გამყრელიძე ამბობს, ვირუსის სადიაგნოსტიკოდ ქვეყანაში მალე სწრაფი პისიარ ტესტებიც იქნება.

„ჩვენ დღეს შეგვიძლია „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის დიაგნოსტიკა. მისი იდენტიფიცირება შეგვიძლია გენუმის სეკვენირებით. სეკვენირების პროცესს სჭირდება სამიდან 4-5 დღემდე. რაც შეეხება სწრაფ პისიარ ტესტებს, რამდენიმე დღეში, მომავალ კვირაში მაინც გვექნება, პრაიმერები, რომ ავაწყოთ ეს ტესტი. სავარაუდო შემთხვევა ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ევროპის წამლების სააგენტომ ავტორიზაცია მისცა მედიკამენტს, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ დროს შეიძლება, იყოს გამოყენებული. მისივე თქმით, საქართველო ამ პრეპარატზე განაცხადს გააკეთებს.

„რა თქმა უნდა, პრეპარატზე გავაკეთებთ განაცხადს. მოგეხსენებათ, არსებობს ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზირებული მედიკამენტი. სამინისტრო უკვე მუშაობს და ვფიქრობთ, იქნება ქვეყანაში, მაგრამ დღეს ძირითადად სიმპტომური მკურნალობაა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის ცნობით, დღესდღეობით მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ 400-მდე შემთხვევაა დადასტურებული

„დაახლოებით 400-მდე შემთხვევაა სხვადასხვა ალტერნატიული წყაროთი. ხვალ გამოქვეყნდება ჩვენი ბოლო მონაცემები. ოთხშაბათობით დაიდება ხოლმე ჩვენს ვებგვერდზე ყოველკვირეული მონაცემები და ასევე, უჩვეულო ჰეპატიტების მონაცემები, რაც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ჩუტყვავილას ვაქცინა არ იცავს ამ ვირუსისგან. ჩვენი თაობა, 1980 წლამდე ვინც ვართ აცრილი, გარკვეულად დაცულები ვართ. 1980 წლის შემდეგ ვინც დაიბადნენ, არ იქნებით აცრილი, მაგრამ  საუბარი არის მასობრივ ვაქცინაციაზე. ჯერჯერობით, რეკომენდირებულია, რომ საერთაშორისო მასშტაბით თუ დადგინდა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს აცრიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

1tv.ge-ს ინფორმაცია

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …