ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში ეწეოდნენ, ფილტვისა და ტვინის განვითარების შეფერხების რისკის ქვეშ დგანან. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მოწევა ვერ იქნება შეფასებული მხოლოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებად, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობასთანაა ასოცირებული. მისივე განცხადებით, ზიანი, რომელიც ნაყოფს ადგება, მტკიცებულებებითაა გამყარებული და მეცნიერულად დადასტურებული და ეს არაა მითი, როგორც ამას მწეველების ნაწილი წარმოაჩენს.
„ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს ორსულ მწეველ დედებთან დაკავშირებით – ის ვერ იტყვის, რომ ეს მისი სიამოვნებაა და მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ხდება. ეს ახალშობილებში ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს პირველივე ნაბიჯებიდან. მწეველი ორსულის შვილს აქვს რისკი დღენაკლულობის, დაბალი წონის, ისეთი მანკების ჩამოყალიბების, როგორიცაა მგლის ხახა, ასევე აქვს რისკი, წლამდე ასაკში განუვითარდეს უეცარი სიკვდილის სინდრომი – ეს რაც პირველივე დღეებიდან ჩანს. მოგვიანებით კი დედის მწეველობა დაკავშირებულია ფილტვის და ტვინის განვითარების შეფერხების რისკებთან.
ფილტვის განვითარების შეფერხება შეიძლება ასოცირდეს ფილტვების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან, რომელიც 40-50 წლის ასაკში მანიფესტირდება. ტვინთან დაკავშირებით კი რისკია მის ინტელექტუალური განვითარების შეფერხების,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, მტკიცებულებებითაა დადასტურებული, რომ მწეველობა გულსიხლძარღვთა დაავადებების შედეგად ლეტალობას ორჯერ ზრდის. თამბაქო მოქმედებს ყველა ორგანოზე – გულსისხლძარღვთა, კუჭნაწლავის, სასუნთქი გზების სისტემებზე.
პულმონოლოგ თამაზ მაღლაკელიძის განცხადებით კი მითია, თითქოს თამბაქოს მოხმარება ჭარბი წონის პრობლემასთან ბრძოლის მეთოდია. მისი განმარტებით, ადამიანი იკლებს არა თამბაქოს მოხმარების, არმედ კუჭნაწლავის ფუნქციის დარღვევით, „ასეც რომ იყოს, ღირს რამდენიმე კილოგრამის დაკლება ჯანმრთელობის ფასად?“ – აღნიშნა მედიკოსმა.
ივანე ჩხაიძის თქმით, როცა ბავშვში ვითარდება ბრონქული ასთმის შეტევა, ექიმები სვამენ კითხვას – ხომ არაა ოჯახში მწეველი, რადგან მწეველ გარემოში ბავშვის ცხოვრება ასთმის განვითარების და შეტევის ხელშემწყობი პირდაპირი ფაქტორია.
მისივე განცხადებით, მედიცინას აქვს მტკიცებულებაზე დაფუძნებული შედეგები, რომ ოტიტის შემთხვევები მატულობს თამბაქოს პასიური მოწევის პირობებში. ასევე მაღალია მწეველებს შორის ფილტვების ანთების სიხშირე. ფილტვების ანთება კი განიხილება ნომერ პირველ მკვლელად მსოფლიოში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 მაისს, მსოფლიო აღნიშნავს დღეს „თამბაქოს გარეშე“.