ექიმი-ნევროლოგები და გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.
29 მაისს, 16:00 საათზე, სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში“ (მის. რესპუბლიკის მოედანი #1) გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. შეხვედრის მიზანს გაფანტული სკლეროზის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დაავადების სიმძიმის ინფორმირებულობა და რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ღონისძიებას, რომელიც დაავადების საინფორმაციო კამპანიის #ერთადერთმანეთისთვის ფარგლებში ეწყობა, დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტები თბილისიდან, რეგიონებიდან და წამყვანი ექიმი-ნევროლოგები, რომლებიც კიდევ ერთხელ შეაჯამებენ არსებულ პრობლემებს, იმსჯელებენ მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით და სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან, დისკრიმინაცია სახელმწიფოს მხრიდან და პაციენტის მკურნალობა მის საცხოვრებელ ადგილზე იყოს დამოკიდებული სრულიად გაუმართლებელია.
მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მიუხედავად, დღემდე უცნობია, რა ელით რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს და წელს გახდება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი. 2021 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის დაფინანსება ჩაიდო, თუმცა მოლოდინის მიუხედავად, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების ცენტრალიზებული პროექტი მასში ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა და მათი ოჯახის წევრებმა რეგიონებში „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედების მოთხოვნით ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ დაავადება ადამიანებს საცხოვრებელი ადგილით არ არჩევს და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით. აქციამ ყურადღება მიიქცია, თუმცა ჯანდავის სამინსიტროში ცენტრალიზებული პროგრამის ამოქმედების კონკრეტულ ვადებზე ამჯერადაც არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ამ ფონზე პაციენტებს მიაჩნიათ, რომ დაუშვებელია მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ისინი არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტულ რეგიონში ან ქალაქში არ ცხოვრობენ.
ცნობისათვის, 30 მაისს, მსოფლიო გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, კამპანიას საქართველო 2018 წლიდან შეუერთდა. მომზადდა ვიდეო რგოლიც, რომლის ძირითადი მონაწილეები იყვნენ პაციენტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ერთად მოუწოდებდნენ სახელმწიფოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ პაციენტებისთვის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უნარების შეზღუდვის პროგრესირების შემცირების მიზნით. დღეს რეგიონში მცხოვრები პაციენტები კვლავ დაფინანსების მოლოდინში არიან.
ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრამვული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა – ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება.
გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.
jandacva.ge