მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » დერმატოლოგი: სოლარიუმში მცირე ასაკიდან სიარული მელანომის რისკს ძალიან ზრდის

დერმატოლოგი: სოლარიუმში მცირე ასაკიდან სიარული მელანომის რისკს ძალიან ზრდის

სოლარიუმში მცირე ასაკიდან სიარული მელანომის რისკს ძალიან ზრდის. ამის შესახებ დერმატო-ვენეროლოგმა ლალი მეკოკიშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, კანის ავთვისებიანი სიმსივნის წარმოქმნისთვის რისკფაქტორებია ცხოვრების განმავლობაში მზის სხივების ქვეშ ინტენსიური ყოფნა, რაც თავიდან უნდა ავირიდოთ.

მისივე განმარტებით, მელანომის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია ცხარე მზეზე არ გავიდეთ და ვიხმაროთ დამცავი კრემები მიუხედავად იმისა, რომ კვლევები არ ადასტურებს, რომ ისინი კანის კიბოსგან იცავს, თუმცა კანს იცავს დაბერებისგან.

მედიკოსის განმარტებით, მელანომის შემთხვებები გახშირდა და ამ მოვლენას მელანომის პანდემიაც კი დაარქვეს.

შემთხვევების ზრდის ერთერთი ფაქტორია ადამიანების მიგრაცია. მაგალითად, როცა

ჩრდილოეთში მცხოვრები ადამიანი ზამთარში მიდის თბილ ქვეყნებში, ესეცაა ერთერთი რისკ-ფაქტორი, რადგან ადამიანები სხვადასხვა კლიმატურ პირობების მქონე ქვეყნებში ფერების მიხედვით არიან „დალაგებული“, ახლა კი ეს პრინციპი დარღვეულია.

ასევე საუბარია, რომ დაავადების გახშირების მიზეზი არა მელანომის რაოდენობის ზრდა, არამედ გამალებული დიაგნოსტიკაა. მელანომის აღმოჩენა დაიწყო არა 6 მილიმეტრის, არამედ 1 მილიმეტრიდან.

ლალი მეკოკიშვილის თქმით, საქართველოში კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება მე-11 წელია მიმდინარეობს და წლიდან წლამდე მიმართვიანობა და ინტერესი ამ პროცესისადმი სულ უფრო იზრდება.

რაც შეეხება სიმპტომებს, ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუკი წარმონაქმნი 6 მილიმეტრზე დიდია, ხდება კიდეების ცვლილება, ასიმეტრია.  ამასთან, ექიმების განმარტებით, შემთხვევების მხოლოდ 20%-ში ვითარდება სიმსივნე ხალის ადგილას და უმეტეს შემთხვევებში ის ხალებისგან თავისუფალ კანზე წარმოიქმნება.

მელანომის გამომწვევი მიზეზი არის მზის გამოსხივების რაოდენობის დაგროვება – ესაა დამოკიდებული იმაზე, როგორ იქცეოდა ადამიანი ცხოვრების განვლილი წლების განმავლობაში, ასევე მის პროფესიაზე – რამდენი ხანი უწევდა მზეზე ყოფნა. ეს ჯამდება წუთებით და ინტენსივობით – თუ ადამიანი ცხარე მზეზე ხშირადაა, ეს რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე დილის საათებში დაგროვებული მზის სხივები. ასე რომ, რისკფაქტორი არის არა ასაკი, არამედ მზის გამოსხივების დოზა, მზის რაოდენობა ჩვენს კანზე. თუმცა ასევე განმაპირობებელი მიზეზია გენეტიკური წინასწარგანწყობა და ოჯახური ანამნეზი.

ასევე იზრდება რისკი, როდესაც ადამიანს სხეულზე 50-ზე მეტი ხალი აქვს.

„კანი არ ივიწყებს ჩვენს ქცევას. სწორი კვება, ანტიოქსიდანტების მიღება ანეიტრალებს მზის უარყოფით ზემოქმედებას. ამასთანავე, ხშირია ხალების დაზიანებაზე შფოთვები. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მექანიკური გაღიზიანება ხალის იწვევს მის მელანომად გადაგვარებას,“ – განაცხადა ლალი მეკოკიშვილმა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …