როგორი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდში მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკა და ხედვა?
1918-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდის უმთავრეს მოვლენას წარმოადგენდა უნივერსიტეტის დაარსება. ეს იყო პირველი ეროვნული უნივერსიტეტი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. 1918 წლის 27 თებერვალს უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს სხდომაზე გადაწყდა სამკურნალო ფაკულტეტის შექმნა. იმავე წლის 17 ივნისს პროფესორთა საბჭოს სხდომამ, რომელსაც ესწრებოდა “ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება“, თავმჯდომარე სპირიდონ ვირსალაძე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ სექტემბრის თვეში გახსნილიყო საბუნებისმეტყველო-სამათემატიკო და სამედიცინო გაერთიანებული ფაკულტეტი. პროფესორთა საბჭო აღნიშნავდა: „სამკურნალო ფაკულტეტი აუცილებელია უნივერსიტეტისათვის, ამ ფაკულტეტზე ჩვენი ხალხის შვილების ლტოლვა ყოველთვის ძლიერი იყო. მისი შექმნა ნიშნავს დიდ გამარჯვებას ამ საქმისა“. გაერთიანებული ფაკულტეტის პირველ სხდომას, რომელიც ჩატარდა 1918 წლის 20 ოქტომბერს, ესწრებოდნენ პ. მელიქიშვილი, ა. ბენაშვილი, ა. ნათიშვილი, არ. ხარაძე, ზ. ყანჩაველი, სპ. ვირსალაძე, ი. თიკანაძე და გ. მუხაძე. ამას გარდა, სხდომას ესწრებოდნენ პროფ. ივ. ჯავახიშვილი და ი. ყიფშიძე.
1919 წლის 29 აპრილს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველ დეკანად არჩეულ იქნა ალექსანდრე ნათიშვილი. 1918 წლის 15 ნოემბერს თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ალექსანდრე ნათიშვილმა წაიკითხა პირველი ლექცია ადამიანის ნორმულ ანატომიაში. ჩამოყალიბდა ქირურგიის, თერაპიის, მეან-გინეკოლოგიის, კარდიოლოგიის, ფარმაკოლოგიის და სხვა მიმართულებების ქართული სამედიცინო სკოლები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს როგორც საქართველოში სამედიცინო მეცნიერების განვითარებაში, ასევე ახალგაზრდა სამედიცინო კადრების მომზადებაში.
1920 წლისათვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა საერთო რიცხვი 138 იყო.
სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გადიოდნენ მიხეილის სახელობის საავადმყოფოში, ოლღას სახელობის საბებიო ინსტიტუტში, ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის საავადმყოფოში და სხვ. აღნიშნული საავადმყოფოები წარმოადგენდა უნივერსიტეტის ბაზას და ამასთანავე საუკეთესო საშუალება იყო, რომ სტუდენტებს ღირსეული განათლება მიეღოთ.
უნივერსიტეტის გარდა, ქვეყანაში შეიქმნა სამედიცინო პერსონალის მოსამზადებელი მოკლევადიანი კურსები. 1918 წელს სიმონ ამირეჯიბმა დააარსა მედიკოს ლაბორანტთა მოსამზადებელი ექვსთვიანი ფასიანი კურსები. ასეთი კურსების მიზანს წარმოადგენდა ისეთი დეფიციტური კადრების მომზადება, როგორიცაა: ექიმი-ლაბორანტები, პროვიზორები, უმცროსი პროვიზორები, მოწყალების დები. 1918 წლის ნოემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა სამედიცინო-სანიტარიული დეპარტამენტი, რომელიც განაგებდა ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის საქმეს. დეპარტამენტი ჯანდაცვის სფეროში ერთიან, კოორდინირებულ და ცენტრალურ პრინციპზე დამყარებულ ხელმძღვანელობას ახოციელებდა. 1920 წლის თებერვალში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პ. ჭიჭინაძემ დასამტკიცებლად წარადგინა ბრძანების პროექტი საქართველოს სამედიცინო-სანიტარული დეპარტამენტის ბაზაზე ჯანმრთელობის დეპარტამენტის შექმნის თაობაზე. თავის მოხსენებაში მინისტრმა პ. ჭიჭინაძემ დიდი ადგილი დაუთმო ქვეყანაში ჯანდაცვის მდგომარეობის საკითხს. იგი განსაკუთრებით ხაზს უსვამდა მალარიის, ტუბერკულოზისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებას.
მიუხედავად იმისა, რომ ფართო ღონისძიებები ჩატარდა პარტახტიანი ტიფის ეპიდემიის წინააღმდეგ, დადებითი შედეგების ვერ მიაღწიეს. პროექტის თანახმად, აღნიშნული გამოწვეული იყო სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების არაკოორდინირებული ქმედებებით. იგი მოითხოვდა ყველა სამედიცინო დაწესებულების ახლადშექმნილი ჯანმრთელობის დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებას. კანონი ჯანმრთელობის დეპარტამენტის დაარსების შესახებ მიღებულ იქნა 1920 წლის 13 ივლისს. ჯანმრთელობის დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა სპირიდონ ვირსალაძე. დეპარტამენტის მოვალეობას შეადგენდა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მუშაობის წარმართვა. ჯანმრთელობის დეპარტამენტის პასუხისმგებლობაში შედიოდა: რესპუბლიკის ყველა სამედიცინო-სანიტარიული ორგანიზაციების საქმიანობაზე ზედამხედველობა; საკარანტინო საკითხები; ტუბერკულოზის, მალარიის, ქოლერის, ჭირის, ტიფის, სქესობრივი გზით გადამდები და სხვა დაავადებების მართვა; ექსპერტიზის საკითხები; სამედიცინო-სანიტარიული სტატისტიკის ჩატარება, სახელმწიფო მნიშვნელობის დასასვენებელი კურორტების საექიმო სანიტარიული მართვა, სააფთიაქო და ფარმაცევტული საკითხები, სამედიცინო-სანიტარიული კანონის შესრულებაზე მონიტორინგი, სამედიცინო-სამეცნიერო საკითხების შემუშავება.
გეოგრაფიული და ეპიდემიოლოგიური თავისებურებების გამო თითოეულ რეგიონი მოითხოვდა განსხვავებულ მიდგომას. სვანეთი გამოირჩევა მაღალმთიანობით და ენდემური ჩიყვის პრობლემებით. შესაბამისად, სვანეთის მხარეს განსაკუთრებული ყურადღე ბა ექცეოდა. იგივე შეიძლება ითქვას ახალქალაქზე, რომელიც ასევე გამოირჩევა მაღალმთიანობით და ეროვნული და აღმსარებლობითი თავისებურებებით.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამკურნალო ქსელი დაყოფილი იყო 3 სექტორად: სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების ქსელი, მუნიციპალური სამედიცინო დაწესებულებების ქსელი, კერძო სამედიცინო დაწესებულებების ქსელი. 1919 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 45 საავადმყოფო 1200 საწოლზე. თბილისში არსებობდა 17 საექიმო უბანი, ხოლო ქუთაისში – 13. ახალი სამედიცინო დაწესებულებები შეიქმნა ფოთში, ოზურგეთში, ახალქალაქსა და სვანეთში.
ჯანდაცვის სისტემის ერთეულს წარმოადგენდა სამკურნალო-მეთვალყურეო სადგურები და ადგილები. სამედიცინო-სამეთვალყურეო სადგურები განიხილებოდა როგორც სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგურებისა და ამბულატორიული მომსახურების ერთგვარი ნაზავი.
1920 წლის ნოემბერში მიღებულ იქნა დადგენილება, რომლის მიხედვით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება უნდა გაეწია ადამიანთა ცალკეულ ჯგუფებისთვის. კერძოდ, ომში დაღუპულთა ოჯახებისთვის, ეპიდემიებთან ბრძოლის დროს დაღუპულთა ოჯახებისთვის, შრომის უნარდაკარგულ საექიმო პერსონალისთვის.
დამოუკიდებელ საქართველოში სამედიცინო მომსახურება არ იყო უფასო, თუმცა, სახელმწიფო ცდილობდა ფასიანი სამედიცინო მომსახურების რეალურ, მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარების ადეკვატურ ციფრებამდე დაყვანას, რაც ფასების განახევრებით გამოიხატა. ამ მხრივ, ქუთაისი იყო პირველი ქალაქი, სადაც მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო დახმარების გაწევა გამოცხადდა. ამ პრაქტიკის პიონერად გვევლინება ქუთაისის ცნობილი ექიმი სამსონ თოფურია.
მისი საავადმყოფო უფასოდ ემსახურებოდა მოსახლეობას. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ სოხუმში გაიხსნა პირველი მუშათა აფთიაქი, რომელიც წამლებს მოსახლეობას უფასოდ აწვდიდა.
დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში დაარსდა ქართული სამედიცინო ჟურნალ-გაზეთები. 1919 წელს გამოიცა პირველი სამედიცინო პერიოდული ჟურნალი „ექიმი“, რომელსაც მოჰყვა „სამეცნიერო-საზოგადოებრივი სამედიცინო ჟურნალი“, „საქართველოს ექიმის თანაშემწეთა საზოგადოების“ ახალი ყოველთვიური ჟურნალი „ექიმის თანაშემწე“. 1919 წელს გამოვიდა ყოველთვიური ჟურნალი „ფარმაცევტი“. 1920 წელს გამოვიდა „ჭლექთან მებრძოლი საზოგადოების“ ჟურნალი „ჭლექი და მასთან ბრძოლა“, რომელიც გამოდიოდა ორ კვირაში ერთხელ.
სახელმწიფო ცდილობდა მოსახლეობაში აემაღლებინა სანიტარიული განათლება. განათლების მინისტრის ბრძანებით გადაწყდა საგანმანათლებლო სამკურნალო წიგნაკების დაბეჭდვა: „ქართველ ექიმებს კარგად მოეხსენება, თუ რა უმწეო მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ხალხი საექიმო დახმარების მხრივ. სხვათა შორის, ეს გარემოებაც ხელს უწყობს ხალხში ათასგვარი ცრურწმენების გავრცელებას, რასაც, სამწუხაროდ, მკვიდრად აქვს გადგმული ფესვები არა თუ სოფლებში, ქალაქებშიაც კი. გასაჭირის დროს ხალხი გარბის მარჩიელთან, რომ მისგან გაიგოს თავისი აწმყო და მომავალი. მოკლედ რომ მოვსჭრათ, ჩვენი ხალხის უმრავლესობა ჯერ კიდევ ბნელით არის მოცული, და ასე იქნება, სანამ მისი სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობა არ შეიცვლება. მაგრამ დღევანდელ პირობებშიც კი კერძო თაოსნობას დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ამიტომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამწიგნობრო სექციამ განიზრახა, დაბეჭდოს მთელი რიგი სამკურნალო წიგნაკებისა… წიგნაკები უნდა დაიწეროს მეცნიერულად და მდაბიურად, რომ გასაგები იყოს საშუალო მკითხველისათვის.
ამგვარად, 1918-1921 წლებში, დროის მოკლე პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები. დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის ისტორიაში პირველად დაიწყო ჯანდაცვის სახელმწიფო დონეზე ორგანიზება და მართვა, სამედიცინო რეფორმასთან დაკავშირებული პროექტების ფინანსური და მორალური მხარდაჭერის განხორციელება, ეროვნული სამედიცინო კადრების მომზადება. შეიძლება თამამად იმის აღნიშვნა, რომ ჯანმრთელობის დაცვის დარგში განხორციელებულმა რეფორმებმა საკუთარი წვლილი შეიტანეს ქვეყანაში ცივილიზებული საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და დემოკრატიული საზოგადოების დამკვიდრების საქმეში.
მედიცინის აკადემიური დოქტორის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თენგიზ ვერულავას ნაშრომის მასალები