მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მიოკარდიუმის ინფარქტითა და ინსულტით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შემცირდა – თამბაქოს კონტროლის კანონის შედეგები

მიოკარდიუმის ინფარქტითა და ინსულტით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შემცირდა – თამბაქოს კონტროლის კანონის შედეგები

თამბაქოს კონტროლის კანონის მიღების შედეგად, რომელიც საქართველოში 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა, ქვეყანაში 16 წლის მოზარდებში თამბაქოს მოხმარება 18%-დან 11%-მდე შემცირდა, ჩილიმის მოხმარებამ 33%-დან 15%-მდე დაიკლო, E-სიგარეტის მოხმარებამ კი – 19%-დან 7%-მდე.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ და ამბობენ, რომ ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია მეორადი კვამლის ზეგავლენა სახლსა და სამსახურში.

ზრდასრულ მოსახლეობაში კი თამბაქოს მოხმარება შემცირდა 31%-დან 28.2%-მდე .

„თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარების მაჩვენებლების კლებამ სერიოზული კლინიკური შედეგები გამოიღო – სახეზეა მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინის ინსულტის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების, ბავშვებში ასთმის შეტევების და სხვა გამწვავებული კლინიკური მდგომარეობების შემთხვევათა მნიშვნელოვანია კლება,“ – აცხადებენ ცენტრში.

მათივე თქმით, 2017 წელს დამტკიცებული ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით საქართველო გახდა რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით. ძირითადი ცვლილებები შეეხო თამბაქოს მწარმოებელთა ინტერესების გამორიცხვას და თამბაქოს მწარმოებელთა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების/პირების ურთიერთობის გამჭვირვალობას ჯანდაცვის სფეროში გადაწყვეტილების მომზადების, მიღების და დამკვიდრების პროცესში; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების თამბაქოს კვამლისგან  განთავისუფლებასა და თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის რეკლამის, პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვას; თამბაქოს ნაწარმისა და მისი აქსესუარების განთავსების აკრძალვას მაღაზიების გარე ვიტრინებსა და ფანჯრებზე, „დრაივ თამბაქოს“ აკრძალვას და ა.შ.

2020 წლიდან მოწევა აიკრძალა სტადიონებზე; ხოლო 2022 წლიდან ტაქსებში და კერძო ავტომობილებში, სადაც არასრულწლოვანი იმყოფება. 2022 წლის 16 მაისს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება “საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ”, რაც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შეფასებით, უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია თამბაქოს კონტროლის მიმართულებით.

 

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …