საქართველოში ბოლო პერიოდში იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა ახალი ტიპის ჰეპატიტზე, თუმცა ლაბორატორიულმა კვლევამ ჰეპატიტის ეს სახეობა გამორიცხა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ჰეპატიტებზე ქვეყანაში დამყარებულია მეთვალყურეობა და სამედიცინო დაწესებულებებს გაგზავნილი აქვს მითითებები, რომ თუ ჰეპატიტი დაფიქსირდება და ვერ მოხერხდება გამომწვევი მიზეზის დადგენა, უნდა შეატყობინონ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომელიც ლაბორატორიულ კვლევებს გააგრძელებს ლუგარში.
იმნაძის ინფორმაციით, ასეთი საეჭვო შემთხვევები იყო, თუმცა, საბედნიეროდ, არცერთ მათგანში ახალი ჰეპატიტი არ დადასტურებულა.
ჰეპატიტის ახალი ტიპი, რომლის გამომწვევი მიზეზი არცერთი აქამდე ცნობილი ვირუსი არაა, გამოვლინდა 25 ქვეყანაში. სულ 500-მდე შემთხვევა, მათგან 11 ბავშვი გარდაიცვალა, რაც 2,5%-მდეა და ლეტალობის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება. მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ დაავადება კოვიდის გადატანის შედეგია. დაავადება 16 წლამდე მოზარდებში, უხშირესად კი 5 წლამდე ბავშვებში ვითარდება. დაავადება მიმდინარეობს იგივე სიმპტომებით, რაც კლასიკურ ჰეპატიტს ახასიათებს: პირველ რიგში, ესაა სიყვითლე, განავლისა და შარდის ფერის შეცვლა, ღვიძლის ფერმენტების მატება. მედიკოსის განმარტებით, დაავადება ხშირ შემთხვევაში მსუბუქია და სტანდარტული პროტოკოლით გაწერილი ჩარევის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა ახალი ჰეპატიტით დაავადებული ბავშვების ნაწილში ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა დადგა.