მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ახალი ჰეპატიტი გადამდები არ არის – ივანე ჩხაიძე მშობლებს ამშვიდებს

ახალი ჰეპატიტი გადამდები არ არის – ივანე ჩხაიძე მშობლებს ამშვიდებს

ახალი ფორმის ჰეპატიტი გადამდები არ არის – ამის შესახებ jandacva.ge-ს იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები მსოფლიოში ბავშვებში ახალი ტიპის ჰეპატიტის გამოვლენის შესახებ, საქართველოში მცხოვრები მცირეწლოვნების მშობლებს ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაუჩნდათ. მათ შორისაა ისიც, რამდენად გადამდებია ეს დაავადება.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, მართალია ამ ვირუსის შესახებ ჯერ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ დანამდვილებითაა გარკვეული, რომ გადამდები არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოში გასული წლის ოქტომბრიდან, როცა ამ ჰეპატიტის პირველი შემთხვევა დადასტურდა, დღემდე მხოლოდ 450 შემთხვევა არ დაფქიქსირდებოდა და მისი გავრცელება გაცილებით მასშტაბური იქნებოდა.

„კლასიკური ჰეპატიტისგან განსხვავებით, რომელთაგან „ა“ ტიპის ჰეპატიტი არაჰაერწვეთოვანი, არამედ საყოფაცხოვრებო გზით ვრცელდება, „ბე“ კი მხოლოდ სისხლით, ახალი ჰეპატიტი ადამიანიდან ადამიანს არ გადაედება, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოში მხოლოდ 450 შემთხვევა არ გამოვლინდებოდა და ეს ციფრი ბევრად მეტი იქნებოდა,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ახალი, დაუდგენელი ტიპის ჰეპატიტის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვირუსის გავრცელების რისკები სერიოზული არ არის, რადგან ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში მწვავე ჰეპატიტის მხოლოდ 450 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 11 გარდაიცვალა, მცირე ნაწილს კი ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა. ღვიძლის უკმარისობა 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ფიქსირდება, მათი ძირითადი ნაწილი 5 წლამდეა.

ახალი ჰეპატიტის გამომწვევი მიზეზი არცერთი ის ვირუსი არაა, რომელიც მწვავე ვირუსულ ჰეპატიტს იწვევს.

არის ვარაუდი, რომ აქამდე უცნობი დაავადების გამომწვევი ადენოვირუსის ახალი ტიპია, რომელიც, კლასიკური ადენოვირუსისგან განსხვავებით, ღვიძლს აზიანებს.

ასევე ირკვევა, რომ დაავადებულთა 70%-ს ბოლო პერიოდში კოვიდ 19 ჰქონდა გადატანილი. ამიტომ მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი ჰეპატიტის გამოჩენა სწორედ კოვიდს უკავშირდება.

დაავადება მიმდინარეობს იგივე სიმპტომებით, რაც კლასიკურ ჰეპატიტს ახასიათებს: პირველ რიგში, ესაა სიყვითლე, განავლისა და შარდის ფერის შეცვლა, ღვიძლის ფერმენტების მატება.

დაავადება ხშირ შემთხვევაში მსუბუქია და სტანდარტული პროტოკოლით გაწერილი ჩარევის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …