კოვიდ-19-მა ადამიანებს ნერვული სისტემის პრობლემები დატოვა – ესაა კოვიდის „კუდები“ და გამოიხატება შემეცნებითი ფუნქციის დაქვეითებაში, რაც ნევროლოგის ჩარევას საჭიროებს.
ამის შესახებ ნევროლოგმა გიორგი ჩახავამ განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსის გადატანის შემდეგ ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი გარკვეულ ინფორმაციას ვეღარ იმახსოვრებს.
მედიკოსის განმარტებით, ერთერთი მძიმე პრობლემა სწორედ შემეცნებითი ფუნქციების დაკნინებაა, რომელიც ვითარდება ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე.
ჩახავა ამბობს, რომ ასეთი გართულებები შემდეგი მექანიზმით ვითარდება: ადამიანის ნერვულ სისტემაში მანამდეც იყო გარკვეული ნიადაგი, რომელმაც, ორგანიზმში ვირუსის შეჭრის ანუ ტრიგერის ზემოქმედების შედეგად განიცადა ზვავისებრი განვითარება და შედეგად ხდება შემეცნებით-აღქმითი სისტემის ნგრევა. ეს სისტემა მოიცავს მეხსიერებას, მეტყველებას, გარემოში – დროსა და სივრცეში ორიენტაციის, ხასიათობრივ და ქცევით ცვლილებებს.
გიორგი ჩახავას თქმით, იტალიაში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანების დიდ ნაწილს, რომელმაც კოვიდინფიცირების პერიოდში ინტენსიურ განყოფილებაში, ჟანგბადის დახმარებით გაიარა მკურნალობა, კლინიკიდან გაწერიდან გარკვეული დროის შემდეგ უფიქსირდება დარღვევები მეხსიერებაში, ასევე ყურადღების და აღმასრულებით ფუნქციებში – გაბნეულია, უჭირს კონცენტრაცია, ორგანიზება, დაგეგმარება, აღარ ხელეწიფება პრობლემის გადაწყვეტა.
მისივე თქმით, ყნოსვის დაქვეითება პირდაპიდ კავშიორშია მეხსიერების დაქვეითებასთან.
მედიკოსი იმ მარტივ ტესტსაც აღწერს, რომლითაც შესაძლებელია ხანმოკლე მეხსიერების დარღვევის აღმოჩენა. ეს ტესტი ასე კეთდება: ადამიანს სამი სიტყვის დამახსოვრებას სთხოვენ, ამის შემდეგ კი გარკვეულ ინფორმაციას აწვდიან და ამით მისი ყურადღება სხვა თემაზე გადააქვთ. თუ ამის შემდეგ მან დამახსოვრებული 3 სიტყვა აღიდგინა და ეს პროცედურა ორჯერ გაიარა, მომდევნო ეტაპია საათის დახატვა და ისრით დროის მითითება. გიორგი ჩახავას თქმით, ასეთი მარტივი ტესტის საშუალებით პირველადი ჯანდაცვის ექიმს შეუძლია პრობლემის აღმოჩენა, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში პაციენტს ნევროლოგთან გადაამისამართებს.