რესპუბლიკური საავადმყოფო ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს. მანამდე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც კოვიდ-კლინიკის სტატუსიდან ჰიბრიდული კლინიკის რეჟიმში გადასვლას უკავშირდება. კერძოდ, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, ტექნიკის განახლება, სავინტილაციო სისტემის გაწმენდა. მუშაობის განახლების შემდეგ კლინიკაში კოვიდ-განყოფილება მცირე მოცულობით შენარჩუნდება.
გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, 1.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობები კლინიკას იაპონიის მთავრობამ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით გადასცა. პროექტი მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას, სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით და პერსონალის შესაბამისი გადამზადებით. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი ტარო ჰონდა, იაპონიის საელჩოს და JICA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
კლინიკის ახალი ხელმძღვანელის ლიკა ჭუმბურიძის განცხადებით, აღნიშნული ტექნიკა სამედიცინო დაწესებულებას საშუალებას მისცემს, კოვიდ კლინიკიდან ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაეწყოს. შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მენეჯმენტი რამდენიმე დღის წინ შეიცვალა: ლევან გოფოძე ლიკა ჭუმბურიძემ შეცვალა.