დატოვა თუ არა თანამდებობა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა? თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ის არავის დაუდასტურებია.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ინფექციური კლინიკის დირექტორთან თენგიზ ცერცვაძესთან შეხვედრას დღეს გეგმავს. მისი თქმით, მას რამდენიმე დღეა, თენგიზ ცერცვაძესთან არ უსაუბრია. „დღეს დღის განმავლობაში შევხვდები და მერე შემეძლება, რომ გიპასუხოთ“- ასე უპასუხა აზარაშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტის ცვლილებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს უკავშირდება პრობლემებს, რომლებიც პანდემიის განმავლობაში დაგროვდა, რის გამოც გადაწყდა, კლინიკაში ახალი „ხედვა და სისხლი“ ყოფილიყო.
მისივე თქმით, გასული კვირის განმავლობაში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინფექციის კონტროლის კუთხით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ღონისძიება გაატარა, რის გამოც კლინიკა რამდენიმე დღე დაკეტილი იყო.
რაც შეეხება კლინიკების შემოწმების პროცესს, ზურაბ აზარაშვილის თქმით, კლინიკებს ამოწმებენ როგორც ინფექციის კონტროლის, ისევე მკურნალობის სწორად წარმართვის კუთხით, ასევე მოწმდება ფინანსური ხარჯები, რათა დადგინდეს, სწორად და მიზანმიმართულად დაიხარჯა თუ არა სამედიცინო დაწესებულებებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.