პაპილომავირუსის აცრა, რომელიც სიმსივნეების 5 ყველაზე გავრცელებულ სახეობას შორის ერთერთისგან, საშვილოსნოს ყელის კიბოსგან დაცვის საშუალებაა, საქართველოში ქალების მხოლოდ 24%-ს აქვს გაკეთებული.
ამის შესახებ WHO-ს წარმომადგენელმა, ვასილი ესენამანოვმა ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი“ მიძღვნილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 9-14 წლის ასაკის გოგონების აღნიშნული ვაქცინით იმუნიზაცია 97%-ით იცავს კიბოს განვითარებისგან.
პედიატრი თემურ მიქელაძე ასევე აცხადებს, რომ ის რეკომენდაციას უწევს აღნიშნული ვაქცინის გაკეთებას და თავად უკეთებს მას გოგონებს.
„ამ ვაქცინებს არ ჭირდება გადამოწმება და მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მათ შვილებს მაღალი ხარისხის ვაქცინები უკეთდებათ,“ – განაცხადა მან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის ხათუნა ზახაშვილის თქმით კი მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ გოგონები, არ აქვთ უფლება, მათი შვილების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩააგდონ და არ გაუკეთონ მათ პაპილომავირუსის აცრა.
ცნობისთვის: 2006 წლიდან პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება 75-ზე მეტ ქვეყანაში. ვაქცინას გავლილი აქვს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საფუძვლიანი შემოწმება. მის უსაფრთხოებას 3 მილიონზე მეტი გამოყენებული დოზაც ადასტურებს. ვაქცინაცია ძალიან მაღალეფექტურია, ვაქცინირებულების 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების მაღალი დამცველობითი ტიტრი. ვაქცინაში შედის პაპილომა ვირუსის ის შტამები, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია და ყველაზე უფრო ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოსა და გენიტალურ მეჭეჭებს.
ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს 90%-ის პრევენცია. ვაქცინაცია რეგულარულ სკრინინგთან ერთად წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას.
10-18 წლამდე პირებს ვაქცინაცია სახელმწიფო დაფინანსებით უფასოდ ეკუთვნით.