მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ქვეყანაში ალერგიის სეზონია – ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

ქვეყანაში ალერგიის სეზონია – ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები

ამ ეტაპზე საქართველოში ალერგიის სეზონია. ამასთან დაკავშირებით ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.

მისი განმარტებით, საქართველოში ალერგიის სამი სეზონი არსებობს – პირველი – ესაა ადრეული გაზაფხული, როდესაც ხე-მცენარეები იწყებენ ყვავილობას. ეს პერიოდი იწყება თებერვლის ბოლო პერიოდიდან და მთავარი ალერგენი კვიპაროსია, რომელიც აპრილის ბოლომდე-მაისის პირველ კვირამდე იყვავილებს. შემდეგ იწყება ბალახოვანი მცენარეების ყვავილობა და ამ დროს წამყვანია ტიმოთი, იგივე ტიმოთელა, რომელიც მაისი-ივნისი-ივლისის შუა პერიოდამდე ყვავილობს. მესამე სეზონი კი ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისზე მოდისდა ამბროზიას უკავშირდება.

რაც შეეხება სიმპტომებს, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მცენარეების მიხედვით სიმპტომები არ განსხვავდება.

ამ ეტაპზე, როდესაც ჰაერში კვიპაროსის  მტვრის კონცენტრაციაა მომატებული – ადამიანისთვის, რომელსაც მგრძნობელობა აქვს კვიპაროსის მიმართ, სიმპტომები შესამჩნევი ხდება, თუ ერთ კუბურ მეტრ ჰაერში ასი და მეტი მარცვალი გადმოიფრქვევა.

ბოლო კვირებში კი კვიპაროსის რაოდენობა არის 4-6 ათასამდე კუბურ მეტრში, ანუ დასახელებულ რაოდენობაზე 40-60 ჯერ მეტი.

ალერგიის განვითარების მექანიზმი ასეთია: როცა მტვრის მარცვალი მოხვდება ცხვირის ლორწოვანზე, ადამიანს ეწყება სურდო, ცემინება, ცხვირის ქავილი და ცხვირის გაჭედვაც კი. ასევე გაღიზიანებულია თვალი, იწყება ცრემლდენა, ქავილი. შესაძლოა ეს სიმტპომატიკა ზედა სასუნთქ გზებშიც გადავიდეს და ასთმის მსგავსი მოვლენები, ასევე მშრალი ხველა გამოიწვიოს.

ყველაზე ხშირად სეზონური ალერგია სკოლის ასაკში 6-9-11 წლის ბავშვებში გვხვდება.  თუმცა არის იშვიათი შემთხვევები, როდესაც უფრო დიდ ასაკშიც ვითარდება. ბიძინა კულუმბეგოვს მაგალითად მოჰყავს 3 დღის წინანდელი შემთხვევა, როდესაც მას სიმპტომებით 76 წლის პაციენტმა მიმართა, რომელსაც ალერგია წელს პირველად გამოუვლინდა.

ბიძინა კულუმბეგოვი ასევე განმარტავს, რომ ხშირად ალერგიას გაციებით დაავადებებს მიაწერენ. თუმცა არსებობს სამი მარტივი პრინციპი, რომელიც გაციებით და ალერგიულ დაავადებებს ერთმანეთისგან განსხვავებს: 1. სეზონური ალერგია უფრო ხანგრძლივია, ვიდრე გაციების დროს, რადგან არცერთი მცენარე 1 კვირა და 10 დღე არ ყვავილობს მაშინ, როცა გაციებითი დაავადებები ძირითად ეს ვადაა დამახასიათებელი. 2. ალერგიის დროს გამონადენი არის წყლის მაგვარი და გამჭვირვალე, გაციების მე-2-მე-3 დღეს კი მისთვის სიბლანტე და სიყვითლეა დამახასიათებელი. 3. ალერგიას არასდროს არ ახლავს ტემპერატურული რეაქციები მაშინ, როდესაც  გაციებითი დაავადებები მცირე ტემპერატურით მაინც ხასიათდება.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …