ინფიცირებული დედების მიერ დაბადებული ბავშვების ინტელექტის კოეფიციენტი გარკვეულწილად ჩამორჩება იმ ახალშობილების ინტელექტის კოეფიციენტს, რომლებიც არაინფიცირებულმა დედებმა გააჩინეს.
კერძოდ იმ ბავშვების ინტელექტის კოეფიციენტი, რომლებიც ინფიცირებულმა დედებმა გააჩინეს, სტანდარტს ორი დევიაციით ჩამორჩება.
ამის შესახებ ბავშვთა ნევროლოგმა, თსსუ პროფესორმა სოფო ბახტაძემ განაცხადა. თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ SARS CoV-2-ს ნაყოფის განვითარებაზე ტერატოგენური ზეგავლენა არ აქვს, ანუ არ იწვევს ორგანოების ანომალიებს და არასწორ განვითარებას, როგორც ეს მაგალითად წითელას, ყბაყურას და სხვა დაავადებების დროს ხდება. მაგრამ ფსიქოემოციური სტრესი, რასაც ორსული განიცდის ინფიცირების დროს, არის „გამშვები“ მექანიზმი, რომ ბავშვის განვითარება დაყოვნდეს.
ამასთან სოფო ბახტაძის განცხადებით, მშობლების ძალისხმევით შესაძლებელია, განვითარების ეს შეფერხება მთლიანად აღმოიფხვრას. კერძოდ, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მშობლების აქტიური ინტერვენციის შემთხვევაში ამ ბავშვების განვითარება 2 წლის ასაკისთვის ზუსტად ისეთივეა, როგორიც არაინფიცირებული დედის მიერ გაჩენილი ბავშვია.
სოფო ბახტაძის განმარტებით, მცდარი აღმოჩნდა შეხედულება, რომ ვირუსი არ აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. მისი თქმით, კოვიდის გადატანის შემდეგ ბავშვს ეცვლება ქცევა და ეს ობიექტური ჩივილია.
ამიტომ, მედიკოსის რჩევაა, ასეთ შემთხვევაში მშობლებმა სპეციალისტს მიმართონ.