პანდემიის, ახლა კი უკვე უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ადამიანებში სტრესისა და, შედეგად, გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკი განსაკუთრებით გაიზარდა.
ამიტომ სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, ყურადღება მიაქციონ ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჯანსაღ საკვებს, რაც მედიკამენტოზური მკურნალობის თავიდან არიდების შესაძლებლობაა.
კარდიოლოგ ზურაბ კლიმიაშვილის განცხადებით, თუ ადამიანის მკურნალობის პროცესს სოციალური და მენტალური სირთულეების მოგვარება არ ახლავს, ფიზიკური პრობლემები მოკლე დროში ისევ იჩენს თავს. კლიმიაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე მედიცინა ამ მიმართულებას სულ უფრო მეტი ყურადღებით ეკიდება.
„სამყარომ სიმშვიდის უფლება არ მოგვცა. პანდემიაც ომი იყო, განსხვავებული მიმდინარეობით. რაც ომს ახლავს, ესაა სტრესი. სტრესი შეიძლება იყოს წუთიერი, რაც ადამიანის ცხოვრებაში ბუნებრივია – სტრესი ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება დადებითი ემოციით იყოს გამოწვეული, თუმცა მისი მიზეზი შესაძლოა არასასიამოვნოც იყოს. უკვე მესამე წელია, ქრონიკულად ვუყურებთ ცუდ მოვლენებს, რაც დროში გაწელილი სტრესია. ახლანდელმა ომმა კი იარაღის სახე მიიღო. ჩვენ, საქართველოში, რომელიც ახლოსაა იარაღის ხმასთან, ვუყურებთ ამას, თან ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს. ეს საშინელება მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ, ემოციურ მდგომარეობაზე და არის ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც სხვადასხვა დაავადება ან თავს იჩენს, ან ვითარდება და პროგრესირებს, თუ რამე გამანეიტრალებელი საშუალება, დადებითი აურა არ ახლავს ამ მდგომარეობას. დღევანდელ დროში კი ამ საშუალების შექმნა ასე მარტივი არ არის,“ – აცხადებს კლიმიაშვილი, თუმცა იმასაც ამბობს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ყველამ უნდა ვეცადოთ, სტრესის ფონი შევამციროთ.
ზურაბ კლიმიაშვილი გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მთავარ რისკ-ფაქტორებს ასახელებს. მისი თქმით, მთავარია ჯანსაღი კვება, ასევე ფიზიკური აქტივობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და მესამე – ჯანსაღი ძილი, რომელიც გულსისხლძარღვთა სისტემისა და საერთოდ ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია. კარდიოლოგის თქმით, ადამიანს ძილის საკმარისი პერიოდი უნდა ჰქონდეს და რაც მთავარია, ძილი უნდა იყოს მშვიდი და როდესაც ადამიანი გაიღვიძებს, იყოს მხნედ, არ იყოს ძილში „ნაწვალები“.
„თუ პაციენტმა სწორად მიიღო რჩევები და გაითავისა ისინი – და ასეთები საბედნიეროდ არიან – მათთან მცირდება და ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ იხსნება კიდეც წნევის დამწევი მედიკამენტები. სხვა შემთხვევაში კი, თუ ადამიანი აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას, დარღვეული აქვს ძილი და ჯანსაღი კვება, მედიკამენტური მკურნალობის მიუხედავად, დაავადება პროგრესირებს და შესაძლოა, მედიკამენტების დამატებაც კი გახდეს საჭირო,“- აცხადებს ზურაბ კლიმიაშვილი.