მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სეზონური ალერგიის პერიოდი წელს, შესაძლოა, ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდეს- რეკომენდაციები

სეზონური ალერგიის პერიოდი წელს, შესაძლოა, ჩვეულებრივზე დიდხანს გაგრძელდეს- რეკომენდაციები

შეტევითი ხასიათის ცემინება,  ცხვირით სუნთქვის გაძნელება,  სურდო (ცხვირიდან წყალივით გამონადენი), ქავილი ცხვირ-ხახისა და თვალების არეში, ცრემლდენა, ზოგჯერ ხველა, გამონაყარი – ეს ის ჩივილებია, რაც  ყვავილობის პერიოდის დაწყებასთან ერთად მოსახლეობის ნაწილს აწუხებს.

სეზონური ხასიათის ალერგიულ დაავადებას, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა მცენარეების მტვრის მიმართ მომატებული მგრძნობელობით, პოლინოზი ეწოდება.

როგორც ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის აერობიოლოგიური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნათია ჩიხელიძე  აცხადებს, წელს, თებერვალსა და მარტში საქართველოში არსებულმა ამინდმა პოლინოზის განვითარების პერიოდში გარკვეული ცვლილებები შეიტანა.

მისი თქმით, სეზონური ალერგიის  სიმპტომები  ანემოფილურ (ქარით დამტვერვად) მცენარეებს უკავშირდება.

ანემოფილური მცენარეები ხასიათდებიან მტვრის მარცვლების მაღალი როდუქტიულობით, რომლებიც ჰაერის მასებით ვრცელდება ათეულობით კილომეტრზე, ამიტომ პოლინოზის მქონე პაციენტი ალერგიულმა სიმპტომებმა შესაძლოა შეაწუხოს ისეთ ადგილებშიც კი,  სადაც სიახლოვეს ეს მცენარეები შესაძლოა არც  იყოს,“ – აცხადებს ჩიხელიძე. მის რეკომენდაციებს ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს.

სპეციალისტის განმარტებით, ადრე გაზაფხულის პერიოდში პოლინოზის სიმპტომებს იწვევენ ადრე მოყვავილე ხემცენარეთა გვარები: თხილი, მურყანი,  კვიპაროსი,  თელა,  იფანი, ვერხვი და სხვა. ამ ჯგუფში ყველაზე მაღალი ალერგენული თვისებებით გამოირჩევა  კვიპაროსი და განსაკუთრებით საყურადღებოა.

საქართველოში კვიპაროსი ბუნებრივად არაა გავრცელებული, თუმცა ფართოდ გამოიყენება ლანდშაფტის გამწვანებაში და დარგულია ფერდობებზე, ქალაქის რეკრეაციულ ზონებში, ტყე პარკებში, დასახლებულ უბნებში, ქარსაცავ ზოლებში და ა.შ.

საქართველოში კვიპაროსებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით დარგულია მარადმწვანე კვიპაროსი.

კვიპაროსის გვარის სახეობების დამტვერვის პერიოდი მოიცავს თებერვლის დასაწყისიდან  აპრილის ბოლომდე პერიოდს. მტვრის მარცვლები ყველაზე მაღალი კონცენტრაციით კი უმეტესად თებერვლის ბოლოდან აპრილის შუა რიცხვებამდე ფიქსირდება.

„დამტვერვის პერიოდის დაწყებაზე გავლენას ახდენს მიმდინარე წლის ზამთრის კლიმატი, ხოლო დამტვერვის ხანგრძლივობაზე და მტვრის მარცვლების პროდუქტიულობაზე მიმდინარე წლის ზამთრის და გაზაფხულის კლიმატი.

წლევანდელი მონაცემების მიხედვით კვიპაროსის გვარის სახეობებმა დამტვერვა დაიწყო შედარებით ადრე, თებერვლის დასაწყისში (თბილი ზამთრის გავლენით) და თებერვლის ბოლოსკენ მტვრის მარცვლების კონცენტრაცია მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა. თუმცა მარტის თვის უჩვეულო კლიმატმა (თოვლის და დაბალი ტემპერატურის გავლენამ,  რაც ერთგვარი სტრესია მცენარისთვის) დროებით შეაჩერა მტვრის მარცვლების აქტიურად წარმოქმნის და გავრცელების პროცესი, ამიტომ მტვრის მარცვლების კონცენტრაცია საშუალო ნიშნულზე ფიქსირდებოდა. რადგან უკვე ტემპერატურამ მოიმატა კონცენტრაცია კვლავ გაიზარდა და მაღალ ნიშნულზე გადმოინაცვლა. არასტაბილური კლიმატის გავლენით  დამტვერვის პერიოდიც დროში გახანგრძლივდება და  მოსალოდნელია მტვრის მარცვლები მაისის დასაწყისამდეც კი დაფიქსირდეს ჰაერის მასებში,“- აცხადებს ნათია ჩიხელიძე.

რა  უნდა გაითვალისწინოს პოლინოზის მქონე პაციენტმა? ჩიხეილიძის რეკომენდაციით,

უშუალოდ ყვავილობის დროს სასურველია ალერგიულმა ადამიანმა გაითვალისწინოს შემდეგი მითითებები:

• მოერიდოს ბუნებაში გასვლას და შენობის გარეთ ყოფნას იმ დროს, როცა მაღალია ყვავილის მტვრის მარცვლების კონცენტრაცია. განსაკუთრებით მშრალ, მზიან და ქარიან ამინდში.

• ტრანსპორტით მგზავრობის დროს ფანჯრები დახუროს ბოლომდე.

• სახლში მისვლისთანავე მიიღოს შხაპი და გამოიცვალოს ტანსაცმელი.

• დროულად მიმართოს ექიმ ალერგოლოგს სწორი და ეფექტური მკურნალობისთვის.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …