თბილისში, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. მძღოლი დაკავებულია.
ქვეყანაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა ადასტურებს, რომ კანონის გამკაცრების მიუხედავად, ამ მიზეზით დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა ისევ მაღალია.
2201 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 39288 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 449 ადამიანი, დაშავდა 7705.
შსს-ს მონაცემებით, შემთხვევების გამომწვევ სავარაუდო მიზეზებს შორის ერთერთი ყველაზე ხშირი არის სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, წამყვანი მიზეზი კი შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევაა.
2020 წელს, როდესაც კოვიდპანდემიის გამო საგზაო მოძრაობაზე შეზღუდვები მოქმედებდა, ქვეყანაში 31552 საგზაო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 450 და დაშავდა 6640 ადამიანი.
2019 წელს 35427 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 481 და დაშავდა 7921 ადამიანი.
100 000-ს მაცხოვრებელზე ავარიებში სიკვდილიანობის კუთხით, საქართველოს ევროპაში ერთ-ერთი ყველა ცუდი პოზიცია აქვს. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეიტინგის თანახმად, საქართველოში ავარიებში ყოველწლიურად 100 000 ადამიანზე 15 იღუპება. უარესი პოზიცია რეგიონში აქვთ სომხეთს – 17, ყაზახეთს, ასევე 17, და რუსეთს – 18.
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ავტოავარიებში სიკვდილიანობა 100 000 ადამიანზე 6-5 დაღუპულს არ აღემატება.