პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია. სამინისტროების მიერ გაწეულ ხარჯებზე IDFI კვლევას აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, 2021 წელს ყველაზე დიდი შრომის ანაზღაურება აქვს შს სამინისტროს. შრომის ანაზღაურების ხარჯი არ გაეზარდა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც უშუალოდ ჩართული და პასუხისმგებელი იყო პანდემიის მართვაზე.
როგორც IDFI ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით აცხადებს, 2021 წლის 9 თვის ანგარიშის მიხედვით, პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის იმავე პერიოდის ხარჯებთან შედარებით გასულ წელს, მივლინების გარდა, ყველა კატეგორიაში აღინიშნება მატება.
IDFI-ს კვლევით, 9 სამინისტროდან მიღებული პასუხების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ შრომის ანაზღაურების კატეგორიაში ყველაზე დიდი ხარჯი შს სამინისტრომ გასწია.
შრომის ანაზღაურების ხარჯები:
შსს-ს მიერ თანამდებობის პირებზე გაცემულმა სარგოს, პრემიის და დანამატის ოდენობამ შეადგინა – 26 368 288 ლარი. სამინისტროს სხვა თანამშრომლებზე გაცემულმა სარგოს, პრემიის და დანამატის ოდენობამ შეადგინა – 258 038 185 ლარი. ხოლო, შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებამ შეადგინა – 9 729 575 ლარი. 2021 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, სამინისტროში დასაქმებული იყო 19 173 თანამშრომელი.
შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი ხარჯების მქონე რიგით მეორე სამინისტრო თავდაცვის სამინისტროა, 9 თვის განმავლობაში გადახდილი 15 მლნ ლარზე მეტით. აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 1.7 მლნ ლარზე მეტი მოდის, თანამდებობის პირების ანაზღაურებაზე 4.6 მლნ ლარი, ხოლო სამოქალაქო ოფისის დანარჩენი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაში 10.5 მლნ ლარი დაიხარჯა.
თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში 2021 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით, სულ დასაქმებული იყო 654 თანამშრომელი (შტატიანი და შტატგარეშე).
საგარეო საქმეთა სამინისტროს შრომის ანაზღაურებაში ჯამში 8 მილიონ ლარამდე აქვს დახარჯული. თანამდებობის პირებზე გაცემულმა დანამატმა 9 600 ლარი შეადგინა, ხოლო ჯილდომ – 14 400 ლარი.
განათლების სამინისტროს შრომის ანაზღაურებაში იმავე პერიოდში 5.6 მლნ ლარზე მეტი აქვს დახარჯული.
სამივლინებო ხარჯები:
2021 წელს კორონავირუსის გავრცელების გამო შეზღუდული იყო საერთაშორისო გადაადგილება, რის გამოც, 2020 წლის მსგავსად, მოსალოდნელი იყო სამივლინებო ხარჯების კლება. მიუხედავად ამისა, სამინისტროების მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების ჯამურმა მოცულობამ 941,000 ლარზე მეტი შეადგინა.
ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების ხარჯი:
2021 წელს 8 სამინისტრომ ჯამურად სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაში 17 მლნ ლარამდე დახარჯა. აღნიშნულ მომსახურებაში მოიაზრება სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილების ექსპლუატაციის, მოვლა-შენახვის და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯი.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ მოიცავს აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაციას”, – ამბობენ ორგანიზაციაში.
ყველაზე დიდი თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დახარჯული, თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით შეინიშნება მსგავსი ხარჯების მკვეთრი შემცირება.