“შევცვალოთ ჩვევა”- ამ სლოგანით დაიწყო მარილის შესახებ ცნობიერების მსოფლიო კვირეული. 14-დან 20 მარტამდე სხვადასხვა სახის ღონისძიება მიმართული იქნება მარტივ, მაგრამ ეფექტურ მიდგომაზე – როგორ დავძლიოთ მარილის ჭარბი მოხმარება.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მარილის ჭარბი რაოდენობით მიღებამ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას და გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი. ამ გართულებების პრევენცია შესაძლებელია მარილის ჭარბ მოხმარებაზე უარის თქმით.
საქართველოში მარილის ჭარბი მოხმარების ჩვევის შესახებ უახლესი მონაცემებია:
გამოკითხულთა 47.8% ამატებს მარილს უკვე გამზადებულ საკვებს, მათ შორის 10%-წინასწარი გასინჯვის გარეშე;
გამოკითხულთა ერთი მესამედი ხშირად მიმართავს სწრაფი კვების მომსახურებას.
ინდუსტრიული საკვები, რომელსაც მოსახლეობა ყოველდღიურად მოიხმარს, უკვე შეიცავს მარილის დღიური მოხმარების სამ მეოთხედს. სწორედ ამიტომ, მარილის მოხმარების შემცირების პოლიტიკა კვების ინდუსტრიას მოუწოდებს შეამციროს გამოყენებული მარილის მოხმარება.
„მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად გავიაზროთ მარილის ჭარბი მოხმარების უარყოფითი ზეგავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე და შევცვალოთ ჩვევა, რომელიც გვაზიანებს. მითუმეტეს, რომ ეს ძალიან მარტივია,“ – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.