მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „ეს იგივეა, ქოლგა ვატაროთ ატომური ბომბისგან დასაცავად“ – სპეციალისტი იოდის პრევენციულ მიღებაზე

„ეს იგივეა, ქოლგა ვატაროთ ატომური ბომბისგან დასაცავად“ – სპეციალისტი იოდის პრევენციულ მიღებაზე

რადიაციული საფრთხეებისგან იოდის სხვადასხვა ფორმით, პრევენციულად გამოყენება არათუ უშედეგო, ორგანიზმისთვის საზიანოა. ასეთ განმარტებას ქირურგი, თსსუ პროფესორი დავით ჯიქია აკეთებს. ამ განცხადებით ის საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, იოდის სხვადასხვა ფორმით მიღება, მათ შორის დალევა ან კანზე იოდის ბადეების გაკეთება რადიაციისგან თავის დაცვის საშუალებაა. აღნიშნული საკითხი მოსახლეობაში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ბირთვული საფრთხეების შექმნის რისკები გაჩნდა.

დავით ჯიქიას განმარტებით,  მეცნიერები ცდილობენ მოძებნონ გამანეიტრალებელი ნივთიერებები, რომლებიც რადიაციის ზემოქმედებისგან დაგვიცავს, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულებები, რომ რომელიმე აბის მიღების შემთხვევაში ადამიანს რადიაციის ესა თუ ის გართულება არ დაემართება.

მისივე განცხადებით, თუ ბირთვული კატასტროფა მოხდება, მხოლოდ ერთი რადიოაქტიური ნივთიერება – იოდ 131 არ გამოიყოფა. წამოიქმნება ასობით ახალი ელემენტი, რომელთა შორის ზოგიერთი პირველად წარმოიქმნება. შესაბამისად, თუ მოვხვდით ისეთ ზონაში, სადაც სხვადასხვა ნივთიერების შესუნთქვის ან კუჭ-ნაწლავში მოხვედრის რისკია, ეს ნივთიერება მხოლოდ იოდი არ იქნება.

მისი თქმით, ნივთიერებების ნაწილი კანზე ხვდება, ნაწილი ჭრილობებში. ნაწილი ძვალში, ნაწილი ღვიძლში, ნაწილი კი ორგანიზმში თანაბრად ნაწილდება.მაგალითად ცეზიუმ 137 სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან და თანაბრად ნაწილდება მთელ სხეულში. თუმცა, სპეციალისტის განმარტებით, ესაა იშვიათი შემთხვევები და მსგავსი საფრთხე რომ დადგეს, აფეთქებულ რეაქტორთაუნ ადამიანი ახლოს უნდა იდგეს.

ამასთან, დავით ჯიქია ამბობს, რომ რუსულენოვან ლიტერატურაში მოიძებნება მონაცემები იმის შესახებ, რომ კალიუმის იოდიდის უშუალოდ „ჩაყლაპვის“ მომენტისთვის, თუ ხელთ გვაქვს 125-მგ კალიუმის იოდიდი, მოზრდილებს შეუძლიათ მისი მიღება დღეში 0,125 ოდენობით  8-ჯერ, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც მრავალჯერადად შედიან დაბინძურებულ გარემოში  და ფართო საზოგადოებისთვის გამოყენება ეს მეთოდი დაუშვებელია, რადგან ეს მედიკამენტი იწვევს კუჭნაწლავის ტრაქტის დაზიანება, სანერწყვე და ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამიტომ მისი მიღება მხოლოდ სპეციალისტის დანიშნულებით შეიძლება. სხვა შემთხვევაში, როგოც ჯიქია ამბობს, იოდის მიღება შესაძლო საფრთხეებისგან დაცვის მიზნით, იგივეა, რაც ადამიანმა ქოლგა ატაროს ატომური ბომბისგან დასაცავად.

რაც შეეხება იოდის „ბადეების“ გაკეთებას, რომელიც მოსახლეობაში ბოლო პერიოდში ასევე აქტუალური გახდა. არსებობს მოსაზრება, რომ თუ იოდი კანიდან მალე ქრება, ეს იოდის დეფიციტის მანიშნებელია. თუმცა დავით ჯიქიას განმარტებით, ამას ორგანიზმში იოდის დეფიციტთან საერთო არაფერი აქვს და, უბრალოდ, კანის ცხიმიანობაზეა დამოკიდებული: იოდი მარტივად იხსნება ცხიმში და ამის გამო ცხიმიან კანზე ის მალე ქრება, მშრალზე კი  – არა.

„ამას არანაირი კავშირი არ აქვს იოდის დეფიციტთან, შეწოვასა და პროფილაქტიკასთან,“ – განაცხადა დავით ჯიქიამ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …