ომმა გაგვიახლა ჭრილობები, საზოგადოებაში შფოთვის რეგისტრი მომატებულია. ამის გამო კი აგრესიის დონე მაღალია და ოპონირების რეჟიმი დარღვეულია – ამის შესახებ ფსიქიატრმა ნინო ოკრიბელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ომის შედეგები ადამიანების ფსიქიკურ ლანდშაფტზე აისახება. ამ შედეგების აღრიცხვა არ უნდა მოხდეს მხოლოდ ადამიანური ან ტექნიკის დანაკარგით.
ოკრიბელაშვილის თქმით, როდესაც ვხედავთ უკრაინელ გოგონას, რომელიც წინ უდგება რუსეთის შეიარაღებას, ეს ჩვენთვის უცხო არ არის. გვიცოცხლდება 1989, 1993, 2008 წლები და მის შემდგომ არსებული საომარი თუ რბილი ძალით გამოწვეული შედეგები.
„ომი მძიმე გამოცდილებაა მენტალური პრობლემების კონტექსტში. ეს შედეგი იქნება ყველა ჯგუფში, რომელიც მოწყვლადია, ესენია ბავშვები, ასაკოვანი მოსახლეობა, შშმ პირები და ქალები.
ომმა გაგვიახლა ჭრილობები, შფოთვის რეგისტრი მომატებულია. გაღიზიანებულობის და აგრესიის უკან სწორედ ეს დგას, რასაც ვერ ვაცნობიერებთ. ოპონირების რეჟიმები დარღვეულია და განსხვავებული მოსაზრების ადამიანის მიმართ ვერ გამოვხატავთ სიმპათიას, პატივისცემას, პირდაპირ აგრესიაზე გადავდივართ. ესაა მაჩვენებელი, რომ შფოთვის მაღალი რეგისტრია და ძვრები ხდება ჩვენი შფოთვის რეგისტრში,“- განაცხადა ოკრიბელაშვილმა.
მისი თქმით, ადამიანს ბაზისური საჭიროებები გააჩნია, როგორიცაა საკვები, თავშესაფარი, უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა, და თუ ეს ყველაფერი არ აქვს, ვერ განახორციელებს თავის მიზნებს, ვერ იქნება შემდგარი და მთელი ცხოვრება ეს შესაძლოა ამრიდებლობაში გამოიხატოს – საზოგადოებრივი პასუხისმგელობის და ზოგადად პასუხისმგებლობის აღების შეუძლებლობაში. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ ურთულეს მომენტში დავიცვათ ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა.
ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, მავნე ზემოქმედებისგან განსაკუთრებით უნდა დავიცვათ ბავშვები. კერძოდ, მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ ისინი ტელევიზორს და დავიცვათ მძიმე კადრების მიწოდებიდან.
„ბავშვმა შეშფოთებული მშობელი არ უნდა ნახოს და უნდა იცოდეს (საუბარია 7-11 წლის ასაკამდე მოზარდებზე), რომ თუ მშობელს აქვს შფოთვითი რეაქციაბი და გამოუვალობის განცდა, მოვლენებზე საუბრობს ბავშვის თანდასწრებით, ბავშვი დაისწავლის ამას, ბავშვს კი და საფრთხის განცდა ბევრად მძიმე აქვს, ვიდრე ზრდასრულს,“- განაცხადა ფსიქიატრმა.