მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 64.6%-ს ჭარბი წონა აქვს, 33.2% კი მსუქანია

საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 64.6%-ს ჭარბი წონა აქვს, 33.2% კი მსუქანია

საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 64.6%-ს ჭარბი წონა აქვს, 33.2% კი მსუქანია.ეს მაჩვენებელი აღემატება 2010 წელს ჩატარებული იმავე კვლევის მაჩვენებლებს, რომლის მიხედვითაც ჭარბი წონა ჰქონდა მოსახლეობის 56.4%-ს, სიმსუქნე კი 25.1%-ს .

მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სიმსუქნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს, რომელიც დღეს აღინიშნება.

ცენტრის მონაცემებით, გლობალურად, სიმსუქნემ ეპიდემიურ გავრცელებას მიაღწია. ეს მდგომარეობა წარსულში განვითარებული ქვეყნების პრობლემად იყო მიჩნეული, თუმცა ამჟამად მზარდ პრობლემად იქცა დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვისაც. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში 1.3 მილიარდზე მეტ ზრდასრულ ადამიანს აქვს ჭარბი წონა და 600 მილიონი მსუქანია. ჭარბი წონის თანმდევი შედეგებია არაგადამდები დაავადებები და ნაადრევი სიკვდილიანობა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში არაგადამდებ დაავადებებს უკავშირდება საერთო სიკვდილიანობის 94%. ამასთან, სიკვდილიანობის 88%-ს განაპირობებს ისეთი არაგადამდები დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები და დიაბეტი. აღსანიშნავია, რომ სიკვდილიანობის 69% მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებითაა გამოწვეული. ეს ის მდგომარეობებია, რომელთა კავშირი სიმსუქნესთან და ჭარბწონიანობასთან  კვლევებით დასტურდება.

„სიმსუქნის პრობლემის მქონე ადამიანები მრავალი პრობლემის წინაშე დგანან. მათ შორისაა სტიგმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ჯანდაცვაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა და სხვა. სიმსუქნე კომპლექსური მდგომარეობაა და ბევრად სცილდება ამჟამინდელ ნარატივს „ჭამე ნაკლები, იმოძრავე მეტი“. ამიტომ, ცვლილებების რეალობად ქცევისთვის, საჭიროა მოქმედება ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე. საჭიროა ყველას, მათ შორის ჯანდაცვის პროფესიონალების, დამსაქმებლების, პოლიტიკის შემქმნელების, სიმსუქნით დაავადებული ადამიანების და ფართო საზოგადოების აქტიური ჩართულობა,“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

სიმსუქნის სწრაფ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გადამუშავებულ საკვებს (შაქრით, მარილით, ცხიმით მდიდარი საკვები, რომელსაც კვებითი ღირებულება არ გააჩნია), გენეტიკის წვლილი კი სიმსუქნის განვითარებაში  40-70%-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პროფესიონალებზე ხელმისაწვდომობის გარეშე სიმსუქნის მქონე ადამიანების უმეტესობა ვერ მიაღწევს წონის კლებას და ხანგრძლივად ვერ შეინარჩუნებს ჯანსაღ წონას. ამასთან, ძილის ნაკლებობა, ისევე როგორც სტრესი, იწვევს  ცვლილებას ჰორმონალურ სისტემაში, რაც გავლენას ახდენს წონაზე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით „სიმსუქნე ორგანიზმში ჭარბი ცხიმის დაგროვებაა, რომელიც ჯანმრთელობისთვის რისკს წარმოადგენს“.

მსუქან ადამიანებში მომატებულია ისეთი ქრონიკული დაავადებების რისკი, როგორიცაა, დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და კიბო. სიმსუქნე, ასევე, წარმოადგენს COVID-19-ის გართულებების რისკ-ფაქტორს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …