როგორ უნდა დავიცვათ თავი სტრესისგან იმ სიტუაციაში, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საინფორმაციო ნაკადი ძლიერია.
ამ საკითხებს ეხება რუსეთში მოქმედი დამოუკიდებელი ტელეკომპანია “დოჟდი“, რომელმაც კლინიკურ ფსიქოლოგ რომან მატაფონოვთან ინტერვიუ ჩაწერა.
სპეციალისტი ამბობს, რომ მისი რჩევები ეხება მათ, ვინც დაძაბულად „ააფდეითებს“ ახალ ამბებს და აქტიურად ადევნებს თვალს სიახლეებს. ფსიქოლოგის თქმით, ამან შესაძლოა ადამიანს დაძინებაშიც კი ხელი შეუშალოს.
„ეს დაკავშირებულია ტექნოსტრესთან – ესაა მოვლენა, როდესაც ვეჯახებით ინფორმაციის დიდ ნაკადს, თანაც – როდესაც უცნობია, სადაა ინფორმაცია, სად დეზინფორმაცია, ამიტომ მუდმივად ვართ იმ ინფორმაციის ანალიზში, რომელსაც ვუსმენთ ან ვკითხულობთ. ტექნოსტრესის შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც ძალიან მძიმე შეიძლება იყოს და ფსიქოსომატურ რეაქციებშიც კი გამოიხატოს – იძულებულნი ვართ, დავაორგანიზოთ ეს ყველაფერი ისე, რომ უკეთ ვიგრძნოთ თავი. მაგალითად, შევზღუდოთ ინფორმაციის მიღება გარკვეულ რაოდენობამდე დღეში. ყველასთვის ეს ჯერადობა განსხვავებულია: მაგალითად დღეში 5-ჯერ, 10-10 წუთით. ეს საშუალებას მოგვცემს, ინფორმაციის ნაკადში კონცენტრირება მოვახდინოთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ. ამასთან, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სამუშაოს შესრულება, ყოფითი საკითხების მოგვარება, ახლობლებთან ურთიერთობა.
თუმცა განგაშის შეგრძნებით ცხოვრების ყველა სფეროა განმსჭვალული, და არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოვლენები ჩვენს გვერდით ხდება თუ შორს, ამ განცდას გვერდს მაინც ვერ ავუვლით. ამ მიმართულებით კი ის საბაზისო პრინციპები დაგვეხმარება, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში მივმართავთ: მაგალითად, სუნთქვითი პრაქტიკა. შეიძლება ეს ჟღერდეს როგორც უმძიმესი სიტუაციისგან აბსტრაგირებისკენ მოწოდება, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ ჩვენი ფსიქიკა მარტივი ქმედებებით. მიმდინარე მოვლენების შედეგები ჩვენთან ძალიან დიდი დროის განმავლობაში დარჩება და ყველა ჩვენთაგანს დასჭირდება რესურსი, რათა ამას მომავალშიც გავუმკლავდეთ, მაგრამ თუ ახლა არ შეგვიძლია მოვლენებზე გავლენის მოხდენა, შესაძლოა ეს შევძლოთ ხვალ ან ზეგ. ჩვენ ვიგრძნობთ როდისაა ეს დრო და ძალიან არ მინდა, ამ დროს ვიგრძნოთ, რომ ფსიქოლოგიური რესურსი აღარ გვაქვს,“- განაცხადა ფსიქოლოგმა და აღნიშნა, რომ ინფორმაციის აქტიურად მიმღები ადამიანების ფსიქიკისთვის ესაა ერთადერთი გზა, გაანაწილოს საკუთარი რესურსები.