გახანგრძლივებული კოვიდი ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში, განსაკუთრებით – ხანზადმულ და ჭარბწონიან ქალებში. ამის შესახებ კარდიოლოგმა, პროფესორმა ნინო ჟვანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქალებში გახანგრძლივებული კოვიდის სიხშირე ორი ჰიპოთეზით შეიძლება აიხსნას: ერთი, რომ ქალებში უფრო ძლიერია იმუნური პასუხი როგორც გენეტიკურად, ისე ჰორმონული სტატუსის გამო და შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს აუტოიმუნური პასუხი. ნინო ჟვანიას განმარტებით, ითვლება, რომ ყველა ვირუსს შეიძლება ჰქონდეს მსგავსება ორგანიზმში არსებულ მოლეკულებთან, რასაც მიმიკრია ეწოდება. მიმიკრიის შემთხვევაში კი ვითარდება აუტოანტისხეულები ვირუსით დაზიანებული მოლეკულების ან ვირუსის მიმართ, ეს ანტისხეულები და აუტოიმუნური დაავადებები ქალებში უფრო ხშირია და სწორედ ეს შეიძლება იყოს გახანგრძლივებული კოვიდის მაღალი რისკის მიზეზი.
მეორე ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ქალები ნაკლებად იტანენ სტრესს, რისი მაგალითიცაა „გაბზარული გულის“ სინდრომი – ესაა სერიოზული კარდიომიოპათია, რაც არ გვხვდება მამაკაცებში. მაგალითად ეს დაავადება ვითარდება ახლობელი ადამიანის დაკარგვის შემთხვევაში.
„მამაკაცებიც განიცდიან ამას, მაგრამ ეს სინდრომი მათ არ ემართებათ.ა მ დროს უფრო მეტი სტრესის ჰორმონი გამოიყოფა – არის თეორია რომ კორტიზოლის მიმართ ქალთა სისხლძარღვები უფრო მგრძნობიარეა,“- განაცხადა ნინო ჟვანიამ.
მან ყურადღება გაამახვილა ჭარბწონიანობაზეც და აღნიშნა, რომ სიმსუქნე განიხილება როგორც დუნედ მიმდინარე ანთებითი პროცესი, როდესაც ცხიმოვანი უჯრედები გამოყოფენ ციტოკინებს, სიმსივნის ნეკროზის ფაქტორს ინტერლეიკინებს, რომლებიც ანთების მედიატორები არიან და ეს ნივთიერებები იწვევენ დუნედ მიმდინარე ანთებას, რაც უამრავი დაავადებების რისკს ქმნის, მათ შორის ლონგკოვიდის რისკებსაც. მისი თქმით, აღნიშნული გართულებების რისკის შემცირების გზა ვაქცინაციაა.