მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სეზონური ვირუსები აქტიურდება, თუმცა გრიპის ვაქცინები ბოლომდე ვერ გაიხარჯა

სეზონური ვირუსები აქტიურდება, თუმცა გრიპის ვაქცინები ბოლომდე ვერ გაიხარჯა

„ომიკრონის“ სწრაფი გავრცელება ჰოსპიტალურ სექტორზე არ ასახულა, თუმცა გამონაკლისია პედიატრიული კლინიკები, სადაც მიმართვიანობა რამდენჯერმეა გაზრდილი.

ბოლო ორი კვირაა, პედიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობამ მკვეთრად მოიმატა. ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ბუნებრივიცაა იმ პირობებში, როცა დღიურად 5 ათასი ადამიანი ინფიცირდება, მათ შორის 10-15% კი ბავშვია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად კოვიდ 19 დაახლოებით 500-დან 700-მდე ბავშვს უდასტურდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება სეზონურ ვირუსებს, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ისინი გაცილებით მეტია, ვიდრე შარშან იყო. ამასთან, გამნორჩეულია რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსი, რომლის აქტიურობა ბოლო 10 წლის განმავლობაში, წელს უპრეცედენტოდ მაღალია.

„რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქიოლების ანთებას და ეს შემთხვევები წელს ბევრად მეტია, ვიდრე წინა წელს იყო. რაც შეეხება გრიპს, თუ შარშან გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა გვქონდა დადასტურებული, წელს 20-მდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ეს ვირუსი უფრო აქტიურია, ვიდრე შარშან, მაგრამ მისი ცირკულაციის მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში იყო. ამინდების გაუარესებისა და ტემპერატურისკლების ფონზე, იანვარ-თებერვლის პერიოდში ეს შემთხვევები სავარაუდოდ, უფრო მეტი იქნება,“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო 200 ათასი ვაქცინა, რომელიც სახელმწიფომ რისკჯგუფებისთვის შეიძინა, სამწუხაროდ, ბოლომდე არ გახარჯულა.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორი დავით რეხვიაშვილი ასევე აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტთა მომართვიანობა გაიზარდა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში კლინიკას 35-მა პაციენტმა მიმართა, როცა წინა პერიოდში საშუალოდ მომართვიანობა დღეში 7-8 პაციენტს შეადგენდა. რეხვიაშვილის განცხადებით, დატვირთვა განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაიზარდა.

„კლინიკაში ჯერ ადგილების საშუალება არის, თუმცა თითქმის სრულად დატვირთული ვართ. დატვირთვა განსაკუთრებით გაიზარდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც 20-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს და შესაბამისად, იქ რესურსი უკვე ამოწურული გვაქვს.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას, უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის. ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში უფრო მძიმე პაციენტები მკურნალობენ. ძირითადი გამოვლინება არის მაღალი ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, რესპირაციული ნიშნები. მოგვმართავენ ასევე ქრონიკული დაავადებებით, დიაბეტით და სხვა ქრონიკული დაავადებებით, რომელიც კოვიდმა უფრო გაუმწვავა“, – განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება ვაქცინირებულ პაციენტებს, რეცხვიაშვილის თქმით, არც ერთი ვაქცინირებული ბავშვი კლინიკაში არ მკურნალობს.

„ვაქცინაცია იცავს ჰოსპიტალიზაციისგან და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომ არ გვყავს კლინიკაში ვაქცინირებული ბავშვები. გვყავს ვაქცინირებული 18 მშობელი, მათთან დაავადება ან არ არის, ან ძალიან მსუბუქი სიმპტომებით მიდის, რაც ასევე მეტყველებს, რომ ვაქცინაციას თავისი ეფექტი აქვს“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

დავით რეხვიაშვილის თქმით, „არაკოვიდ მიმართულებაში ყოველგვარი რესურსი ამოწურულია“.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …