მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » “კატე” ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკს ზრდის – კოვიდპაციენტების მართვის განახლებული რეკომენდაციები

“კატე” ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკს ზრდის – კოვიდპაციენტების მართვის განახლებული რეკომენდაციები

საშუალო სიმძიმის პნევმონიის მქონე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუ სახეზე არ გვაქვს სუნთქვის გაძნელება და დეჰიდრატაციის ნიშნები, რაც გამოიხატება გაძლიერებულ წყურვილში, პირის სიმშრალეში, შარდის გამოყოფის შემცირებაში, მშრალ კანში, თავის ტკივილსა და თავბრუსხვევაში.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ პროტოკოლშია ნათქვამი, რომელიც მსუბუქი კოვიდპაციენტების ბინაზე მართვის სტანდარტებს განსაზღვრავს.

ბრძანებას ხელი 2021 წლის 28 დეკემბერს, მაშინდელმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარძემ მოაწერა.

დოკუმენტში განმარტებულია, რომ კორონავირუსული ინფექციის სწრაფი გავრცელების გათვალისწინებით, ასევე, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილების საფუძველზე, ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორის დაზოგვის მიზნით, ჩნდება იმის საჭიროება, რომ კორონავირუსული ინფექციის გარკვეული მსუბუქი შემთხვევები იმართოს ბინაზე. პროტოკოლი ასევე ითვალისწინებს ისეთ რეალობას, როდესაც ყველა შემთხვევის ჰოსპიტალიზაცია და სამედიცინო დაწესებულებაში იზოლაცია შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში პრიორიტეტულად ითვლება იმ პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია, რომელთაც არასასურველი გამოსავლის მომატებული რისკი აღენიშნებათ: მძიმე ან კრიტიკული პაციენტები, ასევე, მსუბუქი დაავადების შემთხვევები არასასურველი გამოსავლის მომატებული რისკით (ასაკი >65 წელზე, თანმხლები დაავადებები, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადება, ფილტვების ქრონიკული დაავადება, დიაბეტი, ავთვისებიანი სიმსივნე, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები, სიმსუქნე [სმი≥30კგ/მ2], ნიკოტინდამოკიდებულება, ორსულობა, ასევე, მაღალი რისკის პირები, რომელთაც აქვთ თრომბო-ემბოლიური გართულებების მაღალი რისკი და ესაჭიროებათ რეგულარული მონიტორინგი და კვლევების ჩატარება.

იგივე ბრძანებით დამტკიცდა განახლებული რეკომენდაციები პაციენტებისთვის, რომლის თანახმად, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები, სტანდარტული მიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება. ამიტომ, თუ ადამიანს არ ჰქონია შეხება კოვიდ-ინფიცირებულთან, მაგრამ მაინც გამოუვლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ტემპერატურის მომატება, ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივილი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ ჰქონია), ის უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში ადამიანმა რამდენიმე დღე იზოლაციაში უნდა გაატაროს.

ამასთან, PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის ინტერპრეტაცია სიფრთხილით უნდა მოხდეს – განსაკუთრებით დაავადების ადრეულ სტადიაზე, რადგანაც ინფიცირებულთან კონტაქტის ფაქტის ან სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ტესტის უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს COVID-19-ს. ამიტომ უარყოფითი შედეგის დროსაც აუცილებელია თვითიზოლაციაში დარჩენა და ინფექციის გავრცელების პრევენციული ზომების დაცვა.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით არსებული კვლევებით, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც რეკომენდებული იქნებოდა C ვიტამინის, D ვიტამინის ან თუთიის გამოყენება COVID-19 პრევენციის ან მკურნალობის მიზნით.

რეკომენდაციებში ასევე აღნიშნულია, რომ გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება რეკომენდებულია ჩატარდეს მხოლოდ კლინიკური ჩვენების საფუძველზე და არა რუტინულად. კომპიუტერულ ტომოგრაფიას შეუძლია არსებითად გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისა და ლეიკემიის რისკი.

COVID-19-ით პედიატრიულ პაციენტებში კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება (მაღალი დასხივებით გამოწვეული რისკების გამო) სასურველი არ არის და ამიტომ იგი უნდა ჩატარდეს მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში და უპირატესობა მიენიჭოს რენტგენოლოგიურ კვლევას. ამერიკის რადიოლოგთა კოლეჯი რეკომენდაციას იძლევა კომპიუტერული ტომოგრაფია შემონახული იქნას მხოლოდ ჰოსპიტალიზებული, სიმპტომური პაციენტებისათვის კტ-ს სპეციფიკური კლინიკური ჩვენებებით.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …