ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი იქნება.
მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრმა წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზურაბ აზარაშვილი არის ძლიერი მენეჯერი, აქვს ფინანსების მართვის კარგი გამოცდილება, რაშიც, პრემიერის თქმით, ის დარწმუნდა, როცა ზურაბ აზარაშვილი დელტას და თბილავიამშენის ხელმძღვანელი იყო, როდესაც არაერთი პროექტი განხორციელდა.
„მოგეხსენებათ, რომ ეკატერინე ტიკარაძე გადადგა თანამდებობიდან და მინდა, პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები. დღეს წარმოგიდგენთ ჯანდაცვის ახალ მინისტრს, ზურაბ აზარაშვილი. ის გახლავთ ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი, მას აქვს ფინანსების მართვის ძალიან დიდი გამოცდილება. არის ძლიერი მენეჯერი. თავად გამოვცადეთ და დავრწმუნდით ამაში, როდესაც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი. ზურაბ აზარაშვილი მაშინ იყო „დელტას“, ასევე „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი. მისი უშუალო ხელმძღვანელობთ განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა საქართველოს ავიაციის აღდგენა. ასევე უამრავი სხვა პროექტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას და ასე შემდეგ.
ზურაბ აზარაშვილი არის უაღრესად წესიერი, განათლებული ადამიანი, იგი გაზრდილია ექიმის ოჯახში. მას კარგად აქვს გაცნობიერებული, რაც მოსახლეობის წინაშეა. მინდა, ზურას ვუსურვო წარმატება. არის ხუთი შვილის მამა და ვფიქრობ, იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.