მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ნოემბერი პერსონალიზებული მედიცინისა და ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა

ნოემბერი პერსონალიზებული მედიცინისა და ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა

18 ნოემბერს სტარტი აიღო ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიამ, რომლის მიზანს  ფილტვის კიბოსა და პერსონალიზებული მედიცინის  შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება წარმოადგენს.

ნოემბერი პერსონალიზებული მედიცინისა და ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და საქართველოც სხვადასხვა აქტივობებით უერთდება. აქტივობის მიზანია, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს  ფილტვის კიბოს რისკების, მისი წარმოშობის, დიაგნოსტიკისა  და მკურნალობაში პერსონალიზებული მიდგომის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაავადებაზე გამარჯვების შანსს.

კამპანიის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრის H.O.P.E დამფუძნებელმა, პაცინეტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  მაია კერესელიძემ და თოდუას კლინიკის  კლინიკურმა ონკოლოგმა თამარ ესაკიამ.  ფილტვის კიბო წლების განმავლობაში დაუმარცხებელ ონკოლოგიურ დაავადებად ითვლებოდა, თუმცა დღეს ამ დაავადების მიმართ პერსონალიზებული სამკურნალო მიდგომების გამოყენებით, ფილტვის კიბო განაჩენი აღარ არის. პერსონალიზებული მკურნალობის გამოყენებას თან სდევს ნაკლები გვერდითი მოვლენა, იგი უზრუნველყოფს არასაჭირო მკურნალობის თავიდან არიდებას და უფრო სწრაფ წვდომას მკურნალობის ახალ და ეფექტურ მეთოდებზე. ეს ყველაფერი არა მხოლოდ კიბოს მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, არამედ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც. ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი შესაძლებლობები ძლიერი იარაღია ონკოლოგებისა და პაციენტებისათვის. ისინი საშუალებას იძლევიან შეიცვალოს დამოკიდებულება დაავადების მიმართფილტვის კიბო აღარ არის სტიგმა და მისი დამარცხება შესაძლებელია,” –  განმარტა თოდუას კლინიკის  კლინიკურმა ონკოლოგმა თამარ ესაკიამ.

კამპანიის ფრგლებში  მოწვეულები არიან  ექიმი ონკოლოგები, რომლებიც საზოგადეობას გააცნობენ ფილტვის კიბოს პერსონალიზებულ  დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მნიშვნელობას,  კონკრეტულად რას გულისხმობს ონკოლოგიური დაავადებების პერსონალიზებული მიდგომა,  დაავადების რისკ-ფაქტორებსა და დღეს არსებულ სტატისტიკაზე.

კამპანიის მხარდამჭერები არიან  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯია“,  სამედიცინო პლატფორმა „მედრუმი“ და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“.

პერსონალიზებული მედიცინა არის ახალი, რევოლუციური სიტყვა ონკოლოგიაში, რომელიც პაციენტს სთავაზობს კონკრეტულად მასზე მორგებულ ინდივიდუალური მკურნალობისა და თერაპიის გეგმას.

მოკლე ინფორმაცია დაავადების შესახებ

ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და უტოლდება  ძუძუს, კოლორექტული და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის გაერთიანებულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად  მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება ეს დიაგნოზი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია,  დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებს.

ფილტვის კიბო 2 ძირითად ტიპად იყოფა: არაწვრილუჯრედოვანი (NSCLC) და წვრილუჯრედოვანი (SCLC). არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული ფორმაა და პაციენტების 70-80%-ში ვლინდება, ის ნაკლებად აგრესიული ხასიათით გამოირჩევა, წვრილუჯრედოვანი უფრო აგრესიული, იშვიათი ფორმაა და პაციენტების მხოლოდ 20-30%-ში გვხვდება.

მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა და მართვა. დღეს უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …