ადრე იყო აფთიაქების სიმრავლე იყო და ისინი სოკოებივით სწრაფად იხსნებოდა, ახლა კი იგივე ხდება ლაბორატორიებთან მიმართებაში. ბოლო 2 წელიწადში ქვეყანაში რამდენიმე ათასი ლაბორატორია გაჩნდა. თუმცა კვლევების დიდი ნაწილი, რომელსაც კოვიდით ინფიცირების და პოსტკოვიდურ პერიოდში ბავშვებს უნიშნავენ, სრულიად არაფრისმომცემია და ოჯახებისთვის ფულის უმიზნოდ ხარჯვაა. ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.
„კოვიდის გადატანის შემდეგ 50 სხვადასხვა დასახელების კვლევას უნიშნავენ აბსოლუტურად ჯანმრთელ ბავშვს. ეს მიზანშეუწონელია და ფულის ტყუილად კარგვაა. კოვიდის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც მოიცავს ასევე ფიზიკურ აქტივობას, რეკრეაციულ ზონებში გაყვანას, და ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე სხვადასხვა მანიპულაცია და კვლევების ჩატარება. დაავადების მიმდინარეობის პერიოდში ბავშვებს ანალიზებს 2-3 ჯერ უნიშნავენ, შემდეგ შუაში და ბოლოში, ეს კი არაფრის მომცემია. უკეთებენ ვიტამინების და მიკრო და მაკროელემენტების კვლევებს. ჯობია, ამაში არ გადაიხადოთ ფული. საბედნიეროდ გაკეთდა რეკრეაციული სივრცეები, სადაც მშობლებს შეუძლიათ შვილების გაყვანა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანია ბავშვის ყოფნა მშობლებთან და არა ეკრანებთან,“- განაცხადა თემურ მიქელაძემ.
მისივე თქმით, უცხოეთში დე ვიტამინი ისე ხელაღებით არ ინიშნება, როგოც საქართველოში.
ექიმის თქმით, თუ ბავშვი დღეში 15-20 წუთით მაინც გადის გარეთ და ღია აქვს ხელი და სახე, იმის მიუხედავად, არის თუ არა მზე, მას არ განუვითარდება დე ვიტამინის დეფიციტი, თუ რაიმე სხვა დაავადებასთან არ გვაქვს საქმე.