დღეს მსოფლიოში შიდსის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის ინფექციური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს:
“ოთხი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ რაც მსოფლიოში აივ/შიდსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადების მკურნალობაში უდიდესი პროგრესის მიუხედავად, დღეისათვის აივ/შიდსი კვლავ რჩება განუკურნებელ, მაგრამ
მართვად ინფექციად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ პრობლემად. ამ პრობლემასთან გამკლავების, საზოგადოების ინფორმირების და აივ ინფიცირებული ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით, მსოფლიო 1988 წლიდან ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნავს როგორც შიდსის მსოფლიო დღეს. ამ დღეს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორთან ერთად აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად სხვადასხვა სახის ღონისძიებებს აწყობს.
1 დეკემბერი არის დღე, როდესაც ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ. საქართველო უკვე 30-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.
შიდსის საერთაშორისო დღე ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება. 2021 წლის თემაა: “დავამთავროთ უთანასწორობა, აივ/შიდსი და სხვა პანდემიები“.
მიუხედავად კოვიდინფექციის გამოწვევისა, შიდსის საერთაშორისო დღე არ კარგავს თავის აქტუალობას და კიდევ ერთხელ ახსენებს როგორც მთავრობებს, ისე საზოგადოების თითოეულ წევრს იმის შესახებ, რომ აივ-ი ისევ ტვირთად აწევს არა მარტო აივ დადებით პირებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას და ქვეყნებს.
მიუხედავად მრავალი ძალისხმევისა ჯერ ისევ მნიშვენელოვანია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საკითხი აივ/შიდსთან ბრძოლის საქმეში, რათა მოსახლეობაში მოხდეს აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.
აივ პანდემიის დამარცხების მთავარი გზა პაციენტის ადრეულ დიაგნოსტირებაზე, ეფექტურ მკურნალობაზე, ეპიდზედამხედველობასა და პრევენციაზეა დამყარებული.
პანდემიის დამარცხება ეფექტური იქნება, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისიებები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, მოიცავს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი სამიზნე ჯგუფების დიდ ნაწილს, ფოკუსირებული იქნება აივ-ის გადაცემის ყველა შესაძლო გზის ბლოკირებაზე.
საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, დღეს ორი პანდემიის, COVID-19 და აივ/შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული. COVID-19 პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, მტკივნეულად აისხა საზოგადოების ყველა ფენაზე, მათ შორის აივ/შიდსით მცხოვრებ ადამიანებზე. ამიტომ უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე.”