12-დან 15 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია პასიურად დაიწყო. როგორც ამცრელ ცენტრებში აცხადებენ, მათთან ამ ასაკის მოზარდების აცრების ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა.
Jandacva.ge-სთვის ცნობილი გახდა ფაქტების შესახებ, როდესაც ექიმები ამ ასაკის ბავშვების მშობლებს არ ურჩევენ შვილების აცრას იმ არგუმენტით, რომ მოზარდებს ისედაც აქვთ ძლიერი იმუნიტეტი და კორონავირუსი მსუბუქად გადააქვთ.
ამ საკითხზე კომენტარისას თბილისის ინფექციური კლინიკის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ასეთი რეკომენდაციის მიცემა გაუმართლებელია იმის მიუხედავად, რომ ბავშვებში ინფექცია მართლაც გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს.
„კარგი ამბავია ის, რომ ბავშვებში კორონავირუსი ძირითად შემთხვევებში მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა გართულებებისგან დაზღვეული არავინაა, მათ შორის ბავშვები. ამ ლოგიკით, ბავშვების 93%-ს წითელაც მარტივად გადააქვს, მაგრამ ამ ინფექციაზე აცრებს მშობლების უმრავლესობა უკეთებს შვილებს და არანაირი გართულება ამას არ მოჰყოლია.
გვქონია შემთხვევები, როდესაც 7, 13 და სხვა ასაკის ბავშვებში კოვიდ 19-ის მიმდინარეობა გართულებულა. ვაქცინა სწორედ ამ გართულებისგან დაიცავს ბავშვებს. გარდა ამისა, ბავშვების აცრას სხვა კუთხითაც აქვს მნიშვნელობა – სკოლების გახსნის შემდეგ ბავშვებს შორის ინფექციის გავრცელება გაიზარდა. ისინი გადამტანებიც გახდნენ. ამიტომ, ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად მათი აცრა აუცილებელია. ამასთან, ზოგადადაც, საზოგადოების რაც უფრო დიდი ნაწილი იქნება აცრილი, ვირუსის გავრცელება მით უფრო მალე შესუსტდება და ეპიდემია დამარცხდება. “- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, რისიც შესაძლოა მშობლებს ეშინოდეთ, ინფექციონისტის თქმით, ვაქცინების შესაძლო გვერდითი ეფექტები უკვე ცნობილია და ისინი ბავშვებში იგივეა, რაც ზრდასრულ ადამიანებში, ისევე როგორც აცრის უკუჩვენება. კერძოდ ესაა გარკვეული ალერგიული დაავადებების მწვავე ფორმა, წარსულში გადატანილი ანაფილაქსიური შოკი და ღრმა იმუნოდეფიციტი, რომლის დროსაც ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.
„ვაქცინის კვლევის პროცესში, მისი გვერდითი მოვლენების შესახებ, თუკი ასეთი დაფიქსირდება, აუცილებლად იგებს ფართო საზოგადოება, როგორც ეს „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში მოხდა. კვლევებმა კი დაადასტურა, რომ გვერდითი მოვლენების საფრთხე განუზომლად ნაკლებია კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებულ საფრთხეებთან შედარებით. რაც შეეხება საუბრებს იმის შესახებ, რომ ეს ვაქცინა ახალია, მინდა გითხრათ, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მის გამოყენებამდე იმაზე ბევრი კვლევა ჩატარდა, ვიდრე სხვა, უკვე კარგად ცნობილი ვაქცინის შემთხვევაში მოხდა,“ – აღნიშნა გოგინავამ.