არ ველოდები, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები იქნება რადიკალური. ამის შესახებ რეანიმატოლოგმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანამ ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიების დაწყება დააგვიანა. კალოიანი ფიქრობს, რომ მთავრობას უნდა მიეღო სავალდებულო ვაქცინაციის დაწყების გადაწყვეტილება ექიმებთან, პედაგოგებთან, ვაჭრობაში ჩართულ ადამიანებთან და სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებთან მიმართებით.
ამის ნაცვლად კი, მისივე განცხადებით, ჩვენ ვიხილეთ ეპიდემიის მართვის პოლიტიზება.
ვახტან კალოიანის თქმით, მთავრობამ იცოდა მოსახლეობის განწყობების შესახებ და მოერიდა მათი ხმებისა და სიმპათიების დაკარგვას, შედეგად კი გადაწყვეტილებები,რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა, არჩევნების შემდეგ იქნა გადმოტანილი, ამ თვეებში კი ათასობით მოქალაქე დავკარგეთ.
კალოიანი ამბობს, რომ მწვანე პასპორტის შემოღება გარკვეულ ეფექტს მოგვცემს, თუმცა ეს არ იქნება პრობლემის რადიკალური გადაწყვეტა და მოსახლების 80%-ის აცრის გარეშე ვითარების რადიკალურ შემობრუნებას ვერ მივიღებთ.
ამასთან, ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ის არ ეთანხმება სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, რომელიც აუცრელი ადამიანების ფასიან მკურნალობას გულისხმობს. რეანიმატოლოგის თქმით, მსგავსი მიდგომა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა და ეს არაჰუმანური დამოკიდებულებაა, რადგან საქართველოში კოვიდპაციენტის მკურნალობა დღეში საშუალოდ 300-350 ლარი ღირს, ეს კი ნიშნავს, რომ რეანიმაციაში მყოფ პაციენტებს სასიკვდილოდ ვწირავთ.
კალოიანის თქმით, კარდაკარ სიარული ახლა ვაქცინაციის გააქტიურების ერთადერთი გზაა. ის ასევე გამოდის ინიციატივით, გარკვეული ჯგუფებისთვის, მაგალითად მასწავლებლებისთვის აცრის შემთხვევაში რამდენიმე თვით საშემოსავლო გადასახადის გადაწევა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 12 საათზე საკოორდინაციო საბჭოს სხდომაა ჩანიშნული, სადაც მწვანე პასპორტთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებაა დაგეგმილი.