ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის ზაალ კაპანაძის განცხადებით, ექიმს, რომელიც გოგელიას კლინიკაში გრიპის აცრის ნაცვლად სხვა პრეპარატით ვაქცინაციას ახორციელებდა, გასულ წელს ჩადენილი დანაშაულის გამო პირობითი სასჯელი აქვს შეფარდებული. კაპანაძის განმარტებით, აღნიშნული სასჯელი მას პროკურატურამ გასულ წელს დაფიქსირებული დარღვევების გამო შეუფარდა. საუბარია სერთიფიკატების გაყალბებაზე.
ზაალ კაპანაძის განცხადებით, დავით ჩენდლერს რამდენიმე სერტიფიკატი ჰქონდა გაყალბებული, რითიც ის სხვა კლინიკაში საქმიანობდა. დარღვევის აღმოჩენის შემდეგ მას ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამო, საქმის შესწავლა პროკურატურამაც დაიწყო.
ზაალ კაპანაძის განცხადებით, რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები ამ ეტაპზე გოგელიას კლინიკაში მუშაობენ, რათა ამოიღონ ის პრეპარატები, რომლითაც ვაქცინაცია მიმდინარეობდა და ისინი ექსპერტიზაზე გადაიგზავნება. თუმცა,სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, პირველადი მონაცემებით, ეს C ვიტამინი იყო.
შეგახსენებთ: მოქალაქეები აცხადებენ, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.
როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათივე თქმით, ინექცია გაუკეთეს ბავშვებსაც.
პაციენტები ყვებიან, რომ მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების შემდეგ, კლინიკის წარმომადგენლებმა შენობა სასწრაფოდ დატოვეს.
მოქალაქეებმა ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.