მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ივანე ჩხაიძე: არის მოლოდინი, რომ წელს გრიპის ძლიერი ტალღა იქნება

ივანე ჩხაიძე: არის მოლოდინი, რომ წელს გრიპის ძლიერი ტალღა იქნება

არის მოლოდინი, რომ წელს, გასული სეზონისგან განსხვავებით, გრიპის ძლიერი ტალღა იქნება – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოლოდინის საფუძველს მას შარშანდელი გამოცდილება აძლევს, როცა მთელი წლის განმავლობაში ქვეყანაში გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა.  მედიკოსის განმარტებით, ეს იმ პერიოდისთვის კარგი იყო, თუმცა ცუდია წლევანდელი წლისთვის, რადგან მოსახლეობა გრიპის სეზონს ამ ვირუსის მიმართ იმუნიტეტის გარეშე ხვდება.

პედიატრის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტი ადამიანს ერთი წლის განმავლობაში უნარჩუნდება და, მისი გადატანის შემთხვევაში, ის ამ დრომდე ექნებოდა მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რაც, შარშანდელი „ნათელი“ პერიოდის გამო წელს არ არსებობს.

ივანე ჩხაიძის განმარტებით, შარშან ქვეყანა გრიპისგან იმ რეგულაციებმა დაიცვა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმეგოდ მოქმედებდა, თუმცა წელს პირბადის ტარების მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე შარშან იყო, მოსახლეობა შეეჩვია კორონას და ამის გამო გრიპით დაინფიცირების რისკებიც გაზრდილია.

რაც შეეხება გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომებს, პედიატრის ინფორმაციით, ბავშვების შემთხვევაში კორონავირუსს ახასიათებს ღებინება, ნაწლავების მოქმედება, დიარეა, რაც გრიპისთვის არაა დამახასიათებელი. თუმცა, ჩხაიძის განმარტებით, 80%-ში ეს ორი ვირუსი იდენტურია და მათ განსასხვავებლად ტესტირებაა აუცილებელი.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ აპრილიდან ნოემბრადმე პერიოდში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, ნოემბრიდან კი უკვე ტვინდემია, ანუ გრიპისა და კორონავირუსის ეპიდემია ერთდოულადაა მოსალოდნელი. მისივე განმარტებით, 60 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები გრიპის და კოვიდ 19-ის მიმართ რისკჯგუფებად განიხილებიან, თუმცა ბავშვების შემთხვევაში მომეტებულ საფრთხედ გრიპი მიიჩნევა და არა – კოვიდ 19, რადგან გრიპს მცირეწლოვნებში უფრო რთული სიმპტომატიკა ახასიათებს.

ამიტომ, მისი განმარტებით, 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა რეკომენდებული.

რაც შეეხება გრიპისა და კოვიდ 19-ის ვაქცინის გაკეთების პერიოდულობას, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ორივე ვაქცინის გაკეთება ერთდროულადაა შესაძლებელი, თუმცა, თუ ადამიანს ერთდროულად ორი პრეპარატით ვაქცინაციის ეშინია,შეუძლია ისინი 2-კვირიანი შუალედით გაიკეთოს.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …