ექიმის დანიშნულების, რეკომენდაციების გათვალისწინებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პირობებში, გულსისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის სერიოზული პრობლემების მქონე პაციენტებს კოვიდინფექცია მსუბუქად გადააქვთ. ამასთან, მათთვის განსაკუთრებით აუცილებელია ვაქცინაცია როგორც კოვიდის, ისე სეზონური გრიპების პროფილაქტიკის მიზნით. ამის შესახებ კარდიოლოგმა ზურაბ კლიმიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ ადამიანს ქრონიკული დაავადებები აქვს, არ ნიშნავს, რომ კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევაში კატასტროფა უნდა მოხდეს. კარდიოლოგის თქმით, ადამიანების უმეტესობა ემოციურად რთულად ხვდება კოვიდით დაინფიცირებას, თუმცა მის პრაქტიკაში ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც პაციენტებმა ეს ვირუსი მარტივად გადაიტანეს.
მისი რჩევაა, დაავადების შემთხვევაში ვიყოთ მობილიზებულები, კორონავირუსის გადატანის შემდეგ კი, ვიაროთ სუფთა ჰაერზე და გვქონდეს მოწესრიგებული ძილი, რაც წარმატებული რეაბილიტაციისთვის ამოსავალი ფაქტორია.
მისივე თქმით, პანდემიამ ძალიან სერიოზული პრობლემები შექმნა, ადამიანების დიდი ნაწილი ურთიერთობების გარეშე დარჩა არა მხოლოდ საზოგადოებასთან, არამედ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც სახლში გამოკეტვა მოუწიათ და ამან არაერთი პრობლემა შექმნა გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებით.
კარდიოლოგ ზურაბ ფაღავას განცხადებით კი, როდესაც კოვიდი ემართება გულსისხლძარღვთა პრობლემებით უკვე დაზიანებულ ადამიანებს, ინფექცია ბევრად დრამატულად მიმდინარეობს. ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ კოვიდის მართვაზე იხარჯება უზარმაზარი რესურსები – ადამიანური, ფინანსური, ტექნიკური. უამრავი კლინიკა კოვიდ-მიმართულებაზე გადაერთო და გულსისხლძარღვთა დაავადებები დაკნინებული დარჩა, რადგან გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა დაავადებები არის ჩვენებები, როდესაც ექიმთან კონტაქტი და რეალურ სივრცეში ვიზიტი აუცილებელია, კოვიდპანდემიის დროს კი ამ კუთხით არსებული შეზღუდვები აზიანებს ამ პაციენტების მართვას.
ფაღავა ასევე ამბობს, რომ ბოლო კვლევების თანახმად, დამტკიცებულია, რომ ვირუსი შედის გულის კუნთში და იწვევს ანთებას, თუმცა ამ ფაქტორის წილი დიდი არ არის.
ამასთან, კარდიოლოგის თქმით, გულის კუნთზე და გულის მკვებავ სისხლძარღვზე თავად დაავადება ახდენს გავლენას, რამაც შესაძლოა ინფარქტი ან სტენოკარდია გამოიწვიოს. მედიკოსის განმარტებით, კოვიდი ერთადერთი დაავადება არაა, რომელიც ასეთ გართულებას იწვევს და მსგავსი როლი შესაძლოა სეზონურმა გრიპმაც შეასრულოს, ამიტომ, მისი განცხადებით, კარდიოლოგიური პაციენტებისთვის პროფილაქტიკური ზომების ჩამონათვალში ყოველთვის იყო გრიპის ვაქცინაცია. ახლა კი ამას კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ემატება და ის უალტერნატივოა, რათა ადამიანის მდგომარეობა კიდევ არ გაამწვავოს.