მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი: „გვეგონა, რომ მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია საკმარისი იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა“

ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი: „გვეგონა, რომ მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია საკმარისი იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა“

დღესაცაა შანსი, სწორი ლოჯისტიკის შემთხვევაში, წლის ბოლომდე  საქართველოში მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი აიცრას. ამასთან, შესაძლოა ეს არასაკმარისი იყოს და მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილის ვაქცინაცია გახდეს საჭირო. ამის შესახებ ექიმი-ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე აცხადებს, რომელიც ამჟამად თელ-ავივის ახლოს მდებარე კერძო კლინიკა “ასუტაში” მუშაობს.

მისი თქმით, მას უკვირს, რომ საქართველოში არის მედპერსონალი, რომელიც არ იცრება. კილაძის განცხადებით, პირიქით, ისინი უნდა იყვნენ ვაქცინაციის მედროშეები და მისი უპირატესობის დამამტკიცებლები. ამასთან, კილაძის თქმით, ისრაელმა აჩვენა, რომ მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა არაა საკმარისი და შესაძლოა აუცილებელი გახდეს 80 პროცენტის იმუნიზაცია იმისთვის, რომ პრობლემა დაიძლიოს და ქვეყანა მშვიდ, ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

მისი თქმით, ისრაელში ინფიცირებულთა უმეტესობა არის არავაქცინირებული, მძიმე პაციენტები კი ყველა არავაქცინირებულია. „გართულებები ვაქცინირებულების შემთხვევებში ძალიან ცოტაა და როცა ასეთი ფაქტები ხდება, ესაა შემთხვევები, როდესაც პაციენტს მძიმე ფონი ჰქონდა თანმხლები დაავადებების გამო,“- აცხადებს ირაკლი კილაძე.

მისი თქმით, დაინფიცირების მატების მიუხედავად, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს.

„გამოსავალი მხოლოდ ვაქცინაციაშია. ვინც დღემდე ორჭოფობს, მინდა დავარწმუნო, რომ ესაა არა ერთადერთი, მაგრამ არის ერთერთი გამოსავალი. ისრაელმა იმის მაგალითიც აჩვენა, რომ მხოლოდ ვაქცინა არაა გამოსავალი. ისევ ნიღაბი, ისევ დისტანცია! უნდა ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება: ვაქცინაცია, ნიღბის სწორად ტარება და დისტანცია. წელიწადნახევარში ბევრი რამ ვისწავლეთ. გვეგონა, რომ მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია საკმარისი იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ მესამე დოზაც საჭიროა, მაგრამ მოსახლეობამ უნდა დაუჯეროს სამედიცინო საზოგადოებას, უნდა იყოს მეტი ინფორმირებულობა.

სამედიცინო სფერომ კარგი პასუხი გასცა ამ დაავადებას ვაქცინის სახით. ახლა მოსახლეობაზეა დამოკიდებული როგორ მიიღებს სამედიცინო საზოგადოებისგან ამ დივიდენდებს.

ამ ბრძოლაში როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად უნდა ვიყოთ მზად. უნდა გავანიავოთ ოთახები, ვიმოძრაოთ, ვიყოთ აქტიურები.

ანტივაქსერული კამპანია  აქაცაა, თუმცა არაა ძლიერი იმის გამო, რომ ისრაელში სამედიცინო  საზოგადოებას აქვს წონა, ფასი და ექიმების სიტყვას აქვს აქ მნიშვნელობა. მეორე – ისრაელმა თავის მაგალითზე აჩვენა თავისი წარმატება და ხალხი ხედავს ამას. ისრაელის მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ სურს დაუბრუნდეს ცხოვრების ძველ რიტმს.  ამიტომ დაუჯერეს ექიმებს, როცა არ იცი, უნდა დაუჯერო სამედიცინო საზოგადოებას. ამიტომ ატივაქსერულ წამოწყებებს არ მიუღწევია აქ წარმატებისთვის.  ვაქცინაციას სავალდებულო ხასიათი აქვს მხოლოდ სამედიცინო პერსონალთან, ხოლო თუ არ იკეთებს, ყოველდღიურად უნდა ჩაიტარონ ტესტირება, რაც აქ უკვე უფასო არ არის, ამიტომ წარმოუდგენელია ყოველდღე ტესტი აკეთო, ასე რომ, პერსონალი იძულებულია გაიკეთოს აცრა, თუ არადა სამსახურიდან უნდა წავიდეს,“- აღნიშნა ირაკლი კილაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პაციენტების გარკვეულ რაოდენობაზეა გათვლილი და როდესაც ამაზე მეტი პაციენტი მიდის ჰოსპიტლებში, ხდება გადატვირთვა. ამიტომ, მედიკოსის განცხადებით, საზოგადოება ექიმების მიმართ სოლიდარული უნდა იყოს.

„მე ვხედავ როგორ მუშაობენ ქართველი ექიმები. როგორი დაღლილია ლევან რატიანი. ამ ხალხის მიმართაც უნდა გამოვიჩინოთ თანაგრძნობა. ჩვენ ვერ ვხედავთ რა ხდება კლინიკებში. მხოლოდ ფოტოები არაა საკმარისი იმის გასაგებად, ყოველდღე რა ხდება იმ კოშმარში. თუ მოქალაქეები სამედიცინო საზოგადოების მიმართ თანაგრძნობით არ იქნებიან განმსჭვალულნი და არ იქნებიან მისი გულშემატკივრები, ვერც საქართველოს და ვერც ისრაელის ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ასეთ მდგომარეობას.

ვაქცინაცია არის გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, საქართველოში გარდაცვლილთა 90

პროცენტი აუცრელია. ამიტომ ანტივაქსერული კამპანიები ქვეყნის ღალატია. ყველას აქვს უფლება, გამოთქვას თავისი აზრი, მაგრამ ყველაფერი არ უნდა

მიიღოს საზოგადოებამ და ექსპერტებს დაუჯეროს. მინდა ვთხოვო

მთავრობის წარმომადგენლებს, ყველა კითხვას პასუხი დროულად გაეცეს. როცა ნელდება პასუხები, ჩნდება ეჭვები და ამ ნიშას ანტივაქსერები იკავებენ.

საქართველომ ვაქცინაციაზე საუბარი დაიწყო 11 თებერვალს, როცა ისრაელში უკვე თითქმის დამთავრებული იყო პირველი ეტაპი. დაიგვიანეს. ახლა კი, მიდის კამპანია, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ ეჭვებმა უკვე დაიკავა ეს დიდი ადგილი. 21-ე საუკუნის სენი არის უნდობლობა, ეჭვები. „ასპირინის“ ან „ნიმესილის“ ანოტაცია წაგიკითხავთ? გვერდითი ეფექტები რომ ნახოთ, იმ პრეპარატებს საერთოდ არ მიიღებთ, იმდენი გართულება აქვს. ვაქცინაციას აქვს რისკები, მაგრამ სარგებელი შეუდარებლად დიდია. ამიტომ ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს,“- განაცხადა ირაკლი კილაძემ.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …