2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზი 9435 ადამიანს დაუსვეს. წინა წელს ეს მაჩვენებელი 10339 იყო. ქვეყანაში ავთვისებიანი სიმსივნის შესახებ არსებული სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 54% აღირიცხა ქალებში, 46% კი – კაცებში.
ახალი შემთხვევების 68% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან (30-70 წელი) ასაკობრივ ჯგუფში; შემთხვევათა 28% – 70 წლის და უფროს ჯგუფში. 0-დან 15 წლამდე და 15-დან 20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზე მოდის ახალი შემთხვევების 1%.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 8024 ადამიანი (წინა წელს ეს მაჩვენებელი 7873 იყო). მათ შორის უმეტესი წილი ტრაქეას, ბრონქის, ფილტვის კიბოზე (15%) და სარძევე ჯირკვლის კიბოზე (10%) მოდის. სამი ყველაზე მაღალი ავადობის კიბო ქალებში ასეთია: – სარძევე ჯირკვალი; ფარისებრი ჯირკვალი; კოლორექტუმი. სამი ყველაზე მაღალი ავადობის კიბო კაცებში: წინამდებარე ჯირკვალი – ტრაქეა, ბრონქი, ფილტვი – კოლორექტუმი.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, ბავშვებში ყველაზე მაღალი ავადობის ავთვისებიანი სიმსივნეებია ლეიკემია, ლიმფომები და თავის ტვინის და ხერხემლის სიმსივნეები.
ამასთან, კიბოს ყველა ლოკალიზაციისთვის ხუთწლიანმა გადარჩენის მაჩვენებელმა 55.8% შეადგინა, ადრეული ასაკის (20 წლამდე) კიბოს 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი 79%-ს შეადგენს.
„კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლოებით 1/3 განპირობებულია 5 ძირითადი ქცევითი და კვებითი რისკ-ფაქტორით: ჭარბი წონა, ხილის და ბოსტნეულის არასაკმარისი მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ჭარბი და თამბაქოს მოხმარება. თამბაქოს მოხმარება კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, კიბოთი სიკვდილიანობის 22% თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება.“- ნათქავამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აღნიშნავს,რომ ქვეყანაში მოქმედებს კიბოს სკრინინგ-პროგრამები: ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-დან 60 წლის ჩათვლით; პროსტატის კიბოს მართვა 50-დან 70 წლის ჩათვლით; კოლორექტუმის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლის ჩათვლით მოსახლეობისთვის.