მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ორსული ინფიცირებულები სამედიცინო მომსახურებას სპეციალიზებულ კლინიკებში მიიღებენ

ორსული ინფიცირებულები სამედიცინო მომსახურებას სპეციალიზებულ კლინიკებში მიიღებენ

ორსულებში დელტა შტამი ნამდვილად უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ასევე შედარებით მძიმე მიმდინარეობა შეიძლება გამოიწვიოს ორსულებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ორსულებისთვის ვაქცინაცია და აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„იმუნური სტატუსიდან გამომდინარე დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში, ასევე შედარებით მძიმე მიმდინარეობა შეიძლება გამოიწვიოს ორსულებში.

ორსულების აცრა „ფაიზერით“ არის შესაძლებელი და მიმდინარეობს კიდეც. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ზომები გატარდეს და თუ დადგა ინფიცირება, შესაფერისი რეაგირება სწრაფად მოხდეს. მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, საკითხზე საუბრისას თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ორსულებისთვის, რომელთა შემთხვევებშიც დაავადება მსუბუქი მიმდინარეობისაა, დამატებითი კომპონენტი ამოქმედდება და სპეციალიზებულ კლინიკაში გაეწევათ კონსულტაცია.

„რაც შეეხება სამედიცინო სერვისის მიწოდების ნაწილს, ორსულებისთვის სპეციალიზებული კონსულტაციის გაწევისითვის 15 22-ს მიმდინარე დღეებში დაემატება კიდევ მეან გინეკოლოგების სერვისი, მათი ტრენინგი ამ კვირაში განხორციელდა. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ დამატებით რეკომენდაციებს ორსულებისთვის. საუბარია მსუბუქ შემთხვევებზე, იმ ორსულებზე, ვინც იმყოფება ბინაზე. როგორც მოგეხსენებათ, ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიული გამოკვლევების ნაკრებს. ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე, მესამე დონის პერინატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდინფექციის გამო, მივიდეს არასტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ სპეციალიზებულ კლინიკაში და იქ მიიღოს ასევე სპეციალისტის კონსულტაცია. ეს კომპონენტიც მოკლე ხანში ამოქმედდება“, – განაცხადა თამარა გაბუნიამ.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, ორსულებისთვის ჰოსპიტალური საწოლების სათანადო რაოდენობაა მობილიზებული და ამ კუთხით დეფიციტი არ არსებობს.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში არის რესურსი, რომ ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა გაეწიოს.

„იცით, რომ მობილიზებულია ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდა ბოლო პერიოდში, ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არის. ორსულს თუ სჭირდება ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება. 120-მდე საწოლია თბილისში მობილიზებული, 50-მდე ქუთაისში, იგივე რაოდენობაა იმერეთში, სხვა რეგიონებშიცაა შესაძლებლობა, რომ მას ჰოსპიტალური მეთვალყურეობა ჩაუტარდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …