19 აგვისტოს 18:00 საათზე, გლდანის მე-5-ე მრ. მე-17-ე კორპუსთან, (გლდანის საცურაო აუზის უკან, მიმდებარე სკვერთან) კამპანიის ,,იცოდე ჰეპატიტი არ იცდის!“ ფარგლებში მოსახლეობასთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ და პაციენტთა ორგანიზაციების ჩართულობით ღია სივრცეში, მოსახლეობას მიეცემა შესაძლებლობა მობილურ ამბულატორიის საშუალებით ჩაიტაროს სკრინინგი C ჰეპატიტზე, ისევე როგორც B ჰეპატიტზე, აივ/შიდსზე და სიფილისზე.
პროგრამა „იCოდე C ჰეპატიტი არ იცდის“ არის უნივერსალურად ხელმისაწვდომი, როგორც ფინანსურად (პაციენტი არ იხდის არაფერს) ასევე გეოგრაფიულად. ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ეს არის უნიკალური შანსი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომ დავამარცხოთ ეს ვერაგი ვირუსი და მოვახდინოთ მისი ელიმინაცია.
2015 წელს საქართველოში ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგების თანახმად, C ჰეპატიტის ვირუსით, სავარაუდოდ, 215 000 ადამიანია ინფიცირებული. ეს კი მთლიანი მოსახლეობის 7,7% შეადგენს. მათგან ქრონიკული აქტიური C ჰეპატიტით 150,000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული. მათგან 60 000 ათასამდე მოქალაქემ უკვე დაამარცხა ც ჰეპატიტი. პრობლემად რჩება მოსახლეობის ინფორმირებულობის დაბალი დონე, როგორც ვირუსის, ისე ელიმინაციის პროგრამის შესახებ, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს დაბალ მიმართვიანობას.
საქართველოში ინფიცირებულთა დაახლოებით 60%-მა არ იცის რომ C ჰეპატიტი აქვს.
დაავადებულთა 40% ვერ ადგენს დაინფიცირების წყაროს.
როგორ ინფიცირდება ადამიანი C ჰეპატიტის ვირუსით:
სისხლით, ნარკოტიკების ინექციური მოხმარების დროს ზიარი შპრიცის, ნემსის ან ჭურჭლის გამოყენებისას; ინფიცირებული სისხლის და/ან სისხლის პროდუქტების გადასხმის დროს;
არასტერილური ინსტრუმენტებით სამედიცინო მანიპულაციების დროს: ქირურგიული ოპერაციები, გინეკოლოგიური ჩარევები, სტომატოლოგიური მანიპულაციები, ჰემოდიალიზი და
სხვ; არასტერილური ინსტრუმენტებით კოსმეტიკური პროცედურების დროს: წვერის გაპარსვა, მანიკიური, პედიკიური, სვირინგის გაკეთება, პირსინგი და სხვ; დაინფიცირებული ბასრი, მჭრელი საყოფაცხოვრებო ნივთების (საპარსი, მაკრატელი, კბილის ჯაგრისი, საკერავი ნემსი და სხვა.); დაუცველი სქესობრივი კონტაქტით; დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის და იშვიათად ძუძუთი კვების დროს.