კოვიდგადატანილი ან ვაქცინირებული ადამიანების სისხლის გადასხმა ბენეფიციარისთვის არათუ არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული, პირიქით – პაციენტი სისხლთან ერთად მზა ანტისხეულებსაც იღებს.
ამის შესახებ jandacva.ge-ს ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის ექიმ-ეპიდემიოლოგმა მარინე სრესელმა განუცხადა.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გაიდლაინის თანახმად, პირველ და მეორე აცრას შორის პერიოდში სისხლის გადასხმა არ შეიძლება და დონაცია მეორე აცრიდან მე-15 დღიდანაა დაშვებული.
რაც შეეხება კოვიდგადატანილ დონორებს, სრესელის განმარტებით, გამოჯანმრთელებიდან ასევე ორი კვირა უნდა იყოს გასული, რათა ადამიანმა სისხლის გაღება შეძლოს. აქ არ იგულისხმება შემთხვევები, როდესაც გამოჯანმრთელების მიუხედავად მას ისევ აღენიშნება კოვიდის სიმპტომები.
„ქვეყანაში ახლა სისხლის დეფიციტია, უამრავი ადამიანისთვის სისხლის მიღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და ამ ფონზე დაუშვებელია არასპეციალისტების მიერ სხვადასხვა ცრუ-ინფორმაციის გავრცელება, თითქოს კოვიდგადატანილი ან აცრილი ადამიანების სისხლი საშიში ან გამოუსადეგარია. ახლა საქართველოში სისხლის დეფიციტია და უამრავი აქციით და საინფორმაციო კამპანიით ვცდილობთ, ადამიანები დავარწმუნოთ, მოვიდნენ და სისხლი ჩააბარონ,“ – აცხადებს სრესელი.
მისივე თქმით, ცენტრში სისხლის შემოწმება ადგილზე ხდება, თუმცა შემდეგ მას ლუგარის ლაბორატორიაც ამოწმებს, სადაც უფრო მგრძნობიარე აპარატურა საშუალებას იძლევა, ესა თუ ის ვირუსი „ფანჯრის“ ანუ კლინიკური სიმპტომების გამოვლენამდეც „დაიჭიროს“ და ასე დაიცვას სისხლის მიმღები ამ ინფექციების ორგანიზმში მოხვედრისგან.
მარინე სრესელი ასევე ზახს უსვამს, რომ კითხვარის შევსებისას დონორს, სხვადასხვა რისკ-ფაქტორთან ერთად, ასევე ეკითხებიან, ჰქონია თუ არა ახლო წარსულში კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან. jandacva.ge-ს შეკითხვაზე, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი დონორი უსიმპტომო კოვიდინფიცირებულია, მარინე სრესელი ამბობს, რომ ლუგარის ცენტრი ვირუსს ამ შემთხვევაშიც დააფიქსირებს და ამ სისხლს ბენეფიციარს არ გადაუსხამენ.
ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ კოვიდპანდემიის გამო დონორების მიმართვიანობა შემცირდა, სისხლის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობა კი არ შეცვლილა, ამიტომ ახლა სისხლის დონორობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.
სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად, ვრცელდება მოსაზრება, რომ აცრილი ადამიანების სისხლი გადასხმისთვის გამოუსადეგარია. სპეციალისტები კი სრულიად საპირისპიროს აცხადებენ და ამბობენ, რომ მოქალაქეთა აქტიურობა განსაკუთრებით ახლაა მნიშვნელოვანი, რადგან კოვიდ პანდემიამ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სისხლის მარაგების 20%-30%-ით შემცირება გამოიწვია.
ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში 83,941 დონაცია განხორციელდა, აქედან უანგარო 41 % იყო, დონორების 44-მა პროცენტმა კი სისხლი გარკვეული თანხის სანაცვლოდ ჩააბარა.
გასულ წელს საქართველოში სისხლის გადასხმა 60 ათასამდე პაციენტს დასჭირდა.