სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2021 წლის იანვრიდან დღემდე 26 642 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტის კონფისკაცია მოახდინა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, მონიტორინგის პროცესში განსაკუთრებით დიდი ყურადღება პირველი ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევას ექცევა.
2021 წლის იანვრიდან დღემდე სააგენტომ უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 62 ფაქტი გამოავლინა და 26 642 ერთეული ფარმაცევტული
პროდუქტის კონფისკაცია მოახდინა.
მხოლოდ ივლისში, სააგენტომ ერთ-ერთ აფთიაქში, საოფისე მაგიდაში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში 17 დასახელების 2485 ერთეული პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი აღმოაჩინა. ასევე კომპიუტერის ქეისში გადამალული 358 ერთეული ფსიქოტროპული მედიკამენტი.
“სააგენტო ახდენს აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის,” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.